თავში

ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებზე კონტროლის ახალი მექანიზმი ამოქმედდება

ღვინოებზე კონტროლის ახალი მექანიზმი ამოქმედდება
ქართული ადგილწარმოშობის ღვინოებზე კონტროლის ახალი მექანიზმი ამოქმედდება

სახელმწიფო ღვინისა და ყურძნის ხარისხზე კონტროლს ამკაცრებს. სასპირტე და საღვინე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი განსხვავებული იქნება. ყურძნის შეფასებისას გამოიკვლევენ მის დაავადებებსაც, შეაფასებენ დაზიანებებს და ამის მიხედვით დადგინდება ფასიც.

2021 წლის რთველზე კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც. იმისთვის, რომ დამზადდეს დაცული ადგილწარმოშობის ღვინო, მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ ზონაში მისი მოყვანა საკმარისი არ იქნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განმარტებით, სპეციფიკაციაში პირველი რაც დევს და რაც ზოგადად არის ადგილწარმოშობის ერთ-ერთი მთავარი არსი, არის ის ადგილობრივი ტრადიციები და ის ისტორია, რაც საფუძვლად უდევს ამა თუ იმ ღვინოს.

"ის, რომ ხვანჭკარა უკვე საუკუნეზე მეტია მზადდება ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძნებისგან, სწორედ არის უკვე კანონის რანგში აყვანილი და ჩაწერილი ამ სპეციფიკაციაში. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნები თავისი არსით განსხვავდება საფერავისგან. ხვანჭკარას შემთხვევაში ნაკლებია საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა, მაქსიმუმ შვიდი ტონა ჰექტარზე, მაშინ როდესაც საფერავისგან დამზადებული, იგივე მუკუზანის შემთხვევაში 10 ტონაა. ანუ ეს უკვე ჯიშის ინდივიდუალური თვისებებიდან გამომდინარეობს. თუმცა, აქაც თავისუფალი არჩევანი აქვს ფერმერს. შეუძლია, აწარმოოს შვიდ ტონაზე მეტი, უბრალოდ ვერ გამოიყენებს სახელს ხვანჭკარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვენახი შეიძლება გაშენებული იყოს რაჭაში, ხვანჭკარას მიკროზონაში“, – განმარტაავს ლევან მეხუზლა და დასძენს, რომ ყურძნის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება, ქვეყანას მისცემს საშუალებას, მაღალი ხარისხის უნიკალური ღვინოები აწარმოოს და საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი ადგილი დაიმკვიდროს. მისივე თქმით, ეს დაეხმარება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოვიდეს რთველის სუბსიდირებიდანაც.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. დაწესდა საშუალო ზღვარი: თუ ყურძნის შაქრიანობა 18 პროცენტი და მეტია, მაშინ ის ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება, ხოლო თუ ამაზე ნაკლებია, მხოლოდ სპირტისთვის გამოდგება. ჩაბარების დროს ყურძნის ფასები მკვეთრად განსხვავებული იქნება და შესაძლოა, ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის ფასი ორჯერ მეტიც კი იყოს, ვიდრე სასპირტე ყურძნის.  ფერმერებს 2021 წლის რთველში მოუწევთ აქცენტი გააკეთონ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში სოფლებში ფერმერებს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაუზიარებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system