თავში

გიგლა მიქაუტაძე "ოცნების" 8 წელს "ეკონომიკურ ჩავარდნას" უწოდებს

გიგლა მიქაუტაძე "ოცნების" 8 წელს "ეკონომიკურ ჩავარდნას" უწოდებს
გიგლა მიქაუტაძე ოცნების 8 წელს ეკონომიკურ ჩავარდნას უწოდებს

სიღარიბეს ივანიშვილმა ობიექტური რეალობა უწოდა და ფაქტობრივად, მასთან შეგუება გვირჩია,- ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი გიგლა მიქაუტაძე ბიძინა ივანიშვილის წერილს.

გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ 8 წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველო ვერც ერთი მიმართულებით ვერ გახდა რეგიონის ლიდერი.

„ივანიშვილს თავის წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩა. ბიძინა ივანიშვილმა თავის ე.წ. გამოსამშვიდობებელ წერილში იმ „წარმატებების“ შესახებ ისაუბრა, რასაც ქვეყანამ მისი მმართველობის პერიოდში მიაღწია, მაგრამ მას გამორჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელთა შეხსენებაც პირად მოვალეობად მიმაჩნია.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ 8 წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველო ვერ გახდა რეგიონის ლიდერი ვერც ერთი მიმართულებით. სამწუხაროდ, არ არსებობს დარგი, რომელშიც ჩვენმა ქვეყანამ რაიმე უპირატესობა მოიპოვა ან განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია.

დასუსტდა საქართველოს ტრადიციული, სატრანზიტო როლი. ქვეყანას კვლავ არ აქვს ღრმაწყლოვანი, თანამედროვე პორტი. არ განახლებულა რკინიგზის ინფრასტრუქტურა, მისი ტვირთბრუნვა კი შემცირებულია. ვერ დასრულდა ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის თუნდაც ერთ საზღვარს მეორესთან დააკავშირებდა. მსოფლიო ბანკის "ლოგისტიკის ინდექსში" საქართველო 119-ე ადგილზე გადავიდა და სამეზობლოში ყველაზე ცუდი პოზიცია დაიკავა.

მინელდა ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. უკანასკნელ წლებში, არ გვინახავს არცერთი მსხვილი უცხოური ინვესტიცია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 11%-დან 7%-მდე დაეცა.

არ შეიქმნა 2016 წელს დაპირებული 200.000 ახალი სამუშაო ადგილი. პირიქით, ჯერ კიდევ პანდემიამდე, სამუშაო ადგილების რაოდენობა 27.000-ით შემცირდა კერძო სექტორში.

ლარმა ისევ ვერ შეიძინა სტაბილური ვალუტის იმიჯი და ის დოლართან მიმართებით, რეკორდული ტემპით, 2-ჯერ გაუფასურდა. კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა და მისი ნიშნული დაწესებულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა. დღეს საქართველოს ერთ მოქალაქეზე 3-ჯერ მეტი სახელმწიფო ვალი მოდის ლარში, ვიდრე 2012 წელს. არ განვითარდა კაპიტალის ბაზარი და საფონდო ბირჟა. ბიზნესის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კვლავ ბანკები რჩება“, - წერს გიგლა მიქაუტაძე .

მისივე მტკიცებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა სახელმწიფო პენსია. რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალი პენსია დოლარში გაანგარიშებით საქართველოში აქვთ და ის დაახლოებით 73 დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა საშუალოდ 86 დოლარს იღებენ სომეხი და 176 დოლარს აზერბაიჯანელი პენსიონერები, რუსეთში კი სახელმწიფო პენსიის ოდენობა 220 დოლარია.

„არ შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ისევ სოციალურად დაუცველია;

საბოლოოდ, ქვეყანაში ვერ შეიქმნა ძლიერი საშუალო ფენა. დღეს, შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 3% იხდის ქონების გადასახადს და მიეკუთვნება, ჩვენი გაგებით, საშუალო ფენას. დაქირავებულთა მედიანური ხელფასი 600 ლარის ფარგლებშია.

სიღარიბეს ივანიშვილმა ობიექტური რეალობა უწოდა და, ფაქტობრივად, მასთან შეგუება გვირჩია.

დიახ, ეს ობიექტური რეალობაა, მაგრამ შექმნილი სუბიექტური მიზეზებით, რასთანაც „ლელოს“ გუნდი არ აპირებს შეგუებას. სიღარიბე განაჩენი არასდროს ყოფილა არცერთი ქვეყნისთვის და მისი დაძლევა შესაძლებელია, თუ ამის მყარი პოლიტიკური ნება და კარგად გააზრებული გეგმა არსებობს. რადგან შეძლეს სხვა ქვეყნებმა, შევძლებთ ჩვენც. ამისთვის, კი, მმართველი გუნდის რეალური განახლებაა საჭირო და ის ვადამდელი, სამართლიანი არჩევნებით უნდა დაიწყოს“, -აცხადებს მიქაუტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system