თავში

გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში სწორი აქცენტებია

გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში სწორი აქცენტებია
გიორგი ცუცქირიძე: ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში სწორი აქცენტებია

საბანკო ასოციაციების ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Report.ge-სთან საუბრისას 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს მიმოიხილავს და  ამბობს, რომ ის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ეკონომიმისტისთვის მისაღებია განათლების სფეროსი თანხების მეტი ოდენობით მობილიზება. ცუცქირიძე მიესალმება, რომ უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში გამოიყო თანხები ასაკოვანი პენსიონერი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც თავიანთი სურვილით ტოვებენ განათლების სისტემას. 

"ეს დამსახურებული ადამიანები მიიღებენ 2 წლის ანაზღაურებას, რაც ძალიან კარგია. მომწონს, რომ გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება, კატეგორიების მიხედვით 150 ლარით, რაც ბუნებრივია აისხა კიდეც ბიუჯეტის პროექტში. ეს მიდგომა, სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რაც პრინციპულად განსხვავდება თუნდაც წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, როდესაც ხდებოდა ადამიანების იძულებით განთავისუფლება და, პრაქტიკულად, ბედის ანაბარად ტოვებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება იზრდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების მიმართულებითაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის ერთიან კონცეფციაში," - აღნიშნა გიორგი  ცუცქირიძემ Report.ge-სთან საუბარში.

ექსპერტი იწონებს ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილ ბიუჯეტს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სტიმულირებისთვის, მით უფრო ,ტურიზმის და სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.

"რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გრძელდება საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ერთიან სტრატეგიაში, შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტებთან ერთად. მარტო მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მლნ ლარით არის გაზრდილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანდაფინანსებასთან ერთად, რისთვისაც 32 მლნ ლარია გამოყოფილი," - ამბობს ექსპერტი.

გიორგი ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს სოფლის ხელშეწყობის პროგრამაზეც, რომლის დაფინანსებაც 20 მლნ ლარიდან 40 მლნ ლარამდე იზრდება, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაფინანსებაა  გაზრდილი 26 მლნ ლარით. ექსპერტის შეფასებით, მთლიანობაში, წარმოდგენილი ბიუჯეტი გაცილებით მეტად არის ორიენტირებული როგორც ეკონომიკის სტიმულირებაზე, ასევე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც, რაც დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system