თავში

გირჩის ბიზნესი უკონტროლოდ ვითარდება

გირჩის ბიზნესი უკონტროლოდ ვითარდება
გირჩის ბიზნესი უკონტროლოდ ვითარდება

გირჩის რთველისას სახელმწიფო შრომის უსაფრთხოების ნორმებს არ აკონტროლებს. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია Fair trees-ში განუცხადეს. შრომის უსაფრთოების კონტროლთან ერთად, კომპანია გირჩის კრეფაში ჩართული ადამიანების შრომის კანონიერებაზეც სვამს კითხვებს. მათი ინფორმაციით, გირჩის კრეფაში 200-მდე ადამიანი მაინც არის ჩართული, აქედან კი შრომითი ხელშეკრულებები 0.1%-ს ექნება გაფორმებული და ამით სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს თანხას საშემოსავლო გადასახადის სახით. Fair trees-ი გირჩის მოპოვების უკანონობაზეც ამახვილებს ყურადღებას. საქმე ისაა, რომ კომპანიამ აუქციონში ლიცენზია მოიპოვა, თუმცა ულიცენზიოდ რაჭის ტყეში გირჩს მოსახლეობა ინდივიდუალურადაც და კომპანიებიც ულიცენზიოდ აგროვებენ და ეს მაშინ, როცა გირჩის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. Fair trees-ის ინფორმაციით, უკონტროლობაა გარემოს დაცვის მოსაკრებელთან დაკავშირებითაც. კომპანია 10 კილოზე გარემოს დაცვის არამერქნულ მოსაკრებლის სახით 0.60 ლარს იხდის, თუმცა იმას არავინ ამოწმებს, მართლა 10 კილოგრამი მოიკრიფა თუ მეტი, ანუ ბიზნესი კეთილსინდისიერების ნებაზეა მიშვებული.

შეგახსენებთ, 2020 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების საშუალებით განხორციელდა სოჭის გირჩის მარაგების კვლევები, რომლის საფუძველზეც 2022 წლიდან, სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად მისაღები პირობებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი (10 წლით) ლიცენზიების გაცემა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული კვლევების საფუძველზე განისაზღვრება რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში სოჭის გირჩის მარაგების ზუსტი მონაცემები, არა მხოლოდ სატყეო კვარტლების და უბნების, არამედ ლიტერების ფონზე. 2020 წელს გირჩის რთველი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო. ირჩის შეგროვების პროცესი რაჭაში 2020 წლის სექტემბერში დასრულდა. შარშან ექსპორტზე, საქართველოდან ევროპის ბაზარზე დაახლოებით 300-400 ტონა ნედლი გირჩი გავიდა. რაჭული გირჩის საპროგნოზო მაჩვებელი 400 ტონას შეადგენდა. ნედლი გირჩის საშუალო ფასი 5-8 ლარი ღირს ხარისხის მიხედვით. ევროპაში გირჩის თესლი 50-70 ევროს ფარგლებში იყიდება. საქართველომ 2018 წელს 335 000 ლარი მიიღო მაშინ, როცა მარტო შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ოდენობა ევროპაში 2.4 მლრდ ევროს აღწევს. გირჩის 2019 წლის სეზონი ნაკლებმოსავლიანად შეფასდა.

ყოველწლიურად, საქართველოდან 45 მილიონი ნაძვის ხე იყიდება ევროპაში, ნაძვების 90% რაჭიდან წაღებული კავკასიური სოჭის თესლიდან არის აღმოცენებული. ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები არიან: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს. ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. გირჩის თესლის თითქმის ყველა მწარმოებელიც ამ ადგილებში მუშაობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება.

გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system