თავში

ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის GOGC-მა 217 მლნ ევრო ისესხა

GOGC-მა 217 მლნ ევრო ისესხა
ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის GOGC-მა 217 მლნ ევრო ისესხა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო.

როგორც REPORT.GE-ს  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული სასესხო ხელშეკრულება კორპორაციის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მის საფინანსო დანახარჯებს.

„მიღებული სესხის პირობები, გაცილებით უკეთესია, ვიდრე პანდემიამდე რეფინანსირების პროცესის განხორციელების შემთხვევაში გვექნებოდა. საპროცენტო განაკვეთი ორჯერ ნაკლებია. გარდა ამისა, სესხის ვადა 10 წელს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროობლიგაციები 5 წლიანი იქნებოდა. ამდენად, COVID 19-ით გამოწვეული გლობალური სირთულეების მიუხედავად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წარმატებით გაართვა თავი ევროობლიგაციების რეფინანსირების უზრუნველყოფის პროცესს, რაც დაგვეხმარება უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები“, - აღნიშნა გიორგი ბახტაძემ.

არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ 2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო. წლის დასაწყისიდან, საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მსხვილ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობით 2016 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. 

"მომზადდა პოტენციური ინვესტორებისათვის განკუთვნილი შესაბამისი საინფორმაციო პროსპექტი. COVID 19-ის გავრცელების და ფინანსურ ბაზრებზე მისი უარყოფითი გავლენის გამო, რამაც ტრანზაქციის განხორციელება მისაღები პირობებით შეუძლებელი გახადა, კორპორაციამ, საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმებით, 2016 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვაზე 2020 წლის აპრილში ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ახალი ევროობლიგაციების განთავსების გზით, უარი თქვა და რეფინანსირების ალტერნატიულ საშუალებებს მიმართა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმდინარე წლის სექტემბერში 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ევროობლიგაციებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულების ხელსაყრელი პირობებით დაფარვის საშუალებას იძლევა," - აცხადებენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. 

სახელმწიფოს კუთვნილმა "ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 2021 წლის აპრილში დასაფარი $250-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებისთვის EBRD-ისგან ვალის სახით მოიზიდა $250 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი. კორპორაციამ 5-წლიანი ვადიანობის ევრობონდები 2016 წელს გამოუშვა და მათი დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურებოდა. ფასიანი ქაღალდები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. 

EBRD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსების შეთანხმება COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ მოხდა. ფინანსური პაკეტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო კომპანიაში დაგეგმილ რეფორმებსაც - ბუნებრივი აირის ბირჟის განვითარებას.

ევრო-ობლიგაციები გამოშვებული აქვს საქართველოს რკინიგზასაც. ნახევარი მილიარდი დოლარის ობლიგაციების გასტუმრების ბოლო ვადა რკინიგზას 2022 წლის ივლისში ეწურება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system