თავში

გურიის ეროვნული პარკი იქმნება

გურიის ეროვნული პარკი იქმნება
გურიის ეროვნული პარკი იქმნება

საქართველოში კიდევ ერთი ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ report.ge-ს ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის პროექტს იწყებს.

პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. უწყების განმარტებით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

"გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)” ნაწილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში“, - აცხადებენ არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია. 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს. დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. 2021 წლის გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.

ცნობისთვის, 2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2020 წელს, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროსგანვითარებისპროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნებისდაცვის მსოფლიოფონდი (WWF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system