თავში

გვემუქრება თუ არა წელს ჩაის დეფიციტი

გვემუქრება თუ არა წელს ჩაის დეფიციტი
გვემუქრება თუ არა წელს ჩაის დეფიციტი

გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები ჩაის ბაზრისთვის უაღრესად ნეგატიურია. მოსავლიანობა მცირდება როგორც კლიმატური ცვლილების, ასევე სამუშაო ძალების დეფიციტის გამო, რაც ჩაის იმპორტზეც გავლენას მოახდენს. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია report.ge-თან ამბობს, დეფიციტი არ გვემუქრება, თუმცა მოსალოდნელია ჩაის გაძვირება, როგორც მოხდა ზეთის შემთხვევაში ნედლეულის სიმცირის გამო.

,,მომხმარებელი მინდა დავამშვიდო, რომ ჩაის და არც სხვა პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. ალტერნატიული ბაზრები არსებობენ, რითაც ვისარგებლებთ და იმპორტში ეს წყვეტას არ გამოიწვევს. თუმცა ჩაი გაძვირდება. ასე მოხდა ზეთის შემთხვევაში და იგივეა მოსალოდნელი ჩაის ბაზარზეც. ვერ გეტყვით, რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასი, თუმცა მოსავლის დეფიციტი ამ მხრივ ცვლილებას ააუცილებლად გამოიწვევს", - ამბობს ჭყონია.

სპეციალისტები ასეთ დროს აქცენტს წარმოების ზრდაზე აკეთებენ. როგორც ,,ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე აცხადებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, პლანტაციებთან დაკავშირებული პრობლემა გამოსწორდეს და წარმოების ტემპი დაჩქარდეს.

,,ჩაის კულტურების ხელშემწყობი პროგრამა მუშაობს და ამორტიზებული ფართობების რეაბილიტაციას ახდენს, მაგრამ არასაკმარისია.150 ტონაზე მეტ ჩაის ვერ ვაწარმოებთ, რომ 5-ჯერ შეიძლება გაივზარდოთ წარმოება, დიდი შესაძლებლობებია ამ მხრივ, მაგრამ პოტენციალს ვერ ვიყენებთ. დიდი ფაბრიკები თითზე ჩამოსათვლელადღა არ არისნ, მიკროფაბრიკებისა და ოჯახური მეურნეობების იმედად ვართ. მართალია, ბოლო დროს დარგში აზიური ინვესტიციები გაჩნდა, მაგრამ მათი საქმიანობა ფერმერულ მეურნეობებს არ სცილდება. ბევრი სამუშაოა გასაწევი, რომ საქართველოში ჩაის სექტორი განვითარდეს", - აცხადებს თენგიზ სვანიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩაის ბაზარი კრიზისის ზღვარზეა.ინდოეთში კორონავირუსით მუშათა მასიური ინფიცირების გამო, ასამის პროვინციაში ჩაის უდიდესი პლანტაციები, შესაძლოა, დაიხუროს, რადგან მუშა ხელი პრაქტიკულად აღარ დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

პრობლემას უამინდობა დაემატა. მომაკვდინებელი ციკლონი ქვეყნის სანაპიროს დაატყდა თავს და ყველაფერი გაანადგურა. მოსავალზე იმოქმედა ძლიერმა სიცხემ, რომელმაც გვალვა გამოიწვია.

გარდა ამისა, სოფლიოში ჩაის უდიდეს მწარმოებელ ქვეყანას კენიას კლიმატის ცვლილება შავი ჩაის წარმოებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანიდან შემოიტანა 180,6 ტონა ჩაი, რომლის ღირებულება ჯამში 1,109 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულო სამსახურის მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანული ჩაის ექსპორტის წლიური ზრდა 9 ტონას, ანუ ან 5.2%-ს გაუტოლდა. 

საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს. პროგრამაში ცვლილებებია, გაიზარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ოდენობები. კოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system