თავში

გზების დეპარტამენტმა ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

გზების დეპარტამენტმა ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა
გზების დეპარტამენტმა ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევებისა, 2020 წელი გამორჩეული იყო. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა და ასევე, ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი.

„რა თქმა უნდა, გრძელდება აქტიური სამუშაოები ყველა მაგისტრალურ პროექტზე, ეს სამუშაოები უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტშიც. 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა 570 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. პანდემიის მიუხედევად, არცერთი დღით არ შეჩერებულა სამუშაოები მაგისტრალურ და სისტემურ პროექტებზე. ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზაზე, ეს არის საუკუნის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია 51 კმ-ზე 53 გვირაბისა და 96 ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე, 39 გვირაბზე და 53 ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა აქედან 5 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაწინაურებულია. ცხადია უფრო მეტი პროგრესი გვქონდა გეგმაში, თუმცა პანდემიამ გარკვეული გავლენა იქონია, მიუხედავად ამისა სამუშაოები არ შეჩერებულა და 2021 წლისთვის ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო ინტენსიური იქნება ეს სამუშაოები და პროექტისთვის გარდამტეხი“,-განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს კორონავირუსის გამო, ქვეშეთი-კობის პროექტზე სამობილიზაციო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება ოდნავ დაგვიანდა.თუმცა, დასძენს რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტი 2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ ჩამოვა TBM-ის მანქანა, რომელმაც უნდა გაბურღოს 9 კმ-იანი გვირაბი. ეს გვირაბი ნამდვილად უპრეცედენტოა, როგორც ჩვენთან კავკასიის რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.არც ისე ბევრია ასეთი მასშტაბური გვირაბი და მათ შორის ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქვეშთი-კობის გვირაბი. 2021 წელს გაგრძელდება მთის გზების პროექტი. 2021 წელსვე დასრულდება იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ასევე გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის მიმართულებით. შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და 2021 წელს ხიდების რეაბილიტაცია დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ჩვენს პროექტებში 10 000 კაცამდე იყო დასაქმებული 2020 წელს. აქედან ნახევარი მოდის მაგისტრალურ გზებზე, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება არის მაღალი. 2021 წელს, ასევე ვიწყებთ სახელმწიფო დაფინანსებით კახეთის მიმართულებით პირველი 35 კმ-ს თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობას, რაც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“,-აცხადებს ქარსელაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც რეგიონულ ჭრილში ქალაქების კუთხით განხორციელდა.

„ ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“,- ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსამდე დაგეგმილი ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული.

„ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დაგეგმილი ბიუჯეტი შევასრულეთ გადაჭარბებით, ბუნებრივია წლის განმავლობაში კოვიდის გათვალისწინებით კორექტირება მოხდა და გადაჭარბება იქ პროცენტულად გაცილებით მეტია. შეიძლება თამამად ითქვას რომ, სწორედ ჩვენი მეცადინეობით, მაგისტრალური პროექტები არ შეჩერებულა. სხვა პროექტები ჩვენი კონტრაქტორების და საზედამხედველო კომპანიების მაღალი ჩართულობით შედეგის მომტანია. ანუ წლევანდელი შესრულება კიდევ უფრო დიდია ვიდრე 2019 წლის მაღალი მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 80-85 მილიონი ლარით მეტი შესრულდა წელს და 2021 წელი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა იყოს“, - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system