თავში

ჰესებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კომუნიკატორის როლი უნდა იტვირთოს - შოთა გულბანი

ჰესებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კომუნიკატორის როლი
ჰესებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კომუნიკატორის როლი უნდა იტვირთოს - შოთა გულბანი

ეკონომიკის ექსპერტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი, შოთა გულბანი, "ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ექსპერტის თქმით, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, გამოსავალი არსებობს და ამ გამოსავლის ძიებაში გულბანი ხელისუფლებას გადამწყვეტ როლს ანიჭებს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ  სწორედ ხელისუფლებამ უნდა იტვირთოს ეფექტური კომუნიკატორის როლი კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

შოთა გულბანისთვის გასაგებია ადგილობრივი მოსახლეობის და გარემოს დამცველი ორგანიზაციების პროტესტიც, თუმცა ექსპერტის თქმით, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კომპანიასთან უკვე გარიგებულია, რის გამოც გულბანს უჩნდება ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული.

"იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე სრულიად ახალი თამაშის წესები დამკვიდრდა, გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, გვაქვს ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომლითაც მონოპოლიის საფრთხე აღიკვეთა, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რაც რევოლუციური მნიშვნელობის სიახლეა ამ სექტორისთვის, ანუ რეალური საფუძველი ჩაეყარა კონკურენტული გარემოს ფორმირებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კიდევ სხვა მრავალი, სწორედ ამ ფონზე სულ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ახალ ახალი მოთამაშეების გაჩენა, სოლიდური ინვესტიციებით და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. სამწუხაროდ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ ყოველწლიურად ელექტროენერგიის იმპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რისთვისაც სულ უფრო მეტი უცხოური ვალუტის მობილიზება ხდება საჭირო. საკმაოდ შთამბეჭდავი ტემპით იზრდება მოხმარებაც და ამას ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ. ძალიან მარტივია ვიძახოთ მზის და ქარის ენერგიის ათვისებაზე, თუმცა გერმანია რომ არ ვართ გვავიწყდება და რა ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშრებული მზის და ქარის ენერგიის ათვისება არავის აინტერესებს. ამ ფონზე ქვეყანაში აქტიური კაპმანია მიმდინარეობს ადგილობრივი ჰიდრო გენერაციის განვითარების საწინააღამდეგოდ, რაც არ მოგვიტანს კარგ შედეგებს. გარდა ამისა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია რას ემსახურება ანტი პიარ კამპანია იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან ლოგიკურად და დასაბუთებულად ფიქრობენ ენერგეტიკული ობიექტების აუცილებლობაზე სექტორისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის პრაქტიკულად ყველა გაგებით, იქნება ეს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა თუ პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცება,"წერს შოთა გულბანი. 

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system