თავში

იანვარში სარეზერვო ფულის მოცულობა 8%-ით შემცირდა

იანვარში სარეზერვო ფულის მოცულობა 8%-ით შემცირდა
იანვარში სარეზერვო ფულის მოცულობა 8%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 367.2 მლნ ლარით (8.0 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.2 მლრდ ლარი შეადგინა. 

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 123.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 17.1 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია. 

შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა იანვარში 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 5.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

იანვარში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 683.9 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 770.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. 

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 430 მლნ ლარით და 1,840 მლნ ლარს შეადგენს. 

იანვრის თვეში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შეიცვალა 344 მლნ ლარით 468 მლნ ლარიდან 124 მლნ ლარამდე. 

საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 774 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,364 მლნ ლარს გაუტოლდა. ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მოცულობა 367.3 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 347.4 მლნ ლარით შემცირდა. 

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 36.1 მლნ ლარით შემცირდა. 16.3 მლნ ლარამდე გაფართოვდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system