თავში

IBRD-ი საქართველოს ეკონომიკურ პროექტებში დაფინანსებას ზრდის

IBRD-ი საქართველოს ეკონომიკურ პროექტებში დაფინანსებას ზრდის
IBRD-ი საქართველოს ეკონომიკურ პროექტებში დაფინანსებას ზრდის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძე კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინა. კერძოდ, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერ ოთხი“ და „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD)შორის სასესხო შეთანხმება (ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი)“.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ - მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მარალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო.

საგრანტო შეთანხმება ნომერ ოთხს ხელი 2019 წლის 7 მაისის მთავრობის განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე 14 მაისს მოეწერა და იგი ითვალისწინებს არსებული საგრანტო თანხის გაზრდას 29,152,000 აშშ დოლარით, ანუ 61,693,675 აშშ დოლარიდან 90,845,675 აშშ დოლარამდე. შესაბამისად იზრდება საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობის თანხაც. საგრანტო შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების დასასრულებლად, აღნიშნული მეოთხე ცვლილებით ასევე წარმოდგენილია პროექტის დასრულების თარიღის გაგრძელება 2025 წლის 30 სექტემბრამდე. მიმართულებები კი ამ ეტაპზე კვლავ იგივე რჩება. არსებული საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად იცვლება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებელი აქტივობებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც.

რაც შეეხება ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტს, იგი ითვალისწინებს შემდეგი კომპონენტების განხორციელებას: ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას, რაც მოიცავს ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის და წყალტუბოს 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას; პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ფინანსურ გაჯანსაღებას და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს.

პროექტის განსახორციელებლად IBRD-მა საქართველოს გამოუყო სესხი 62 მლნ ევროს ოდენობით. სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 14 წელი. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2014 წლის 31 დეკემბერი და მას ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system