თავში

იგეგმება თუ არა საქართველოს რკინიგზის პრივატიზება

იგეგმება თუ არა საქართველოს რკინიგზის პრივატიზება
იგეგმება თუ არა საქართველოს რკინიგზის პრივატიზება

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2020" პრივატიზაციის შესაძლო გეგმების შესახებ, მათ შორის საქართველოს რკინიგზის პრივატიზების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, რკინიგზის "ანბანდლინგზე" მსჯელობა ღირს.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოს კუთვნილ საინვესტციო ფონდს "საპარტნიორო ფონდს" ეკუთვნის.

მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს რკინიგზასთან მიმართებით შეუძლია სხვადასხვა კონფიგურაციის საპრივატიზებო პაკეტი შექმნას, მათ შორის სრულად შეინარჩუნოს საკუთრება რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო მისი მართვა ან ტვირთების გადაზიდვა კერძო ოპერატორებს გადააბაროს. 

"90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - "პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!" ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, "რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი". იყო საუბარი რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია. ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. აბა ეს სტრატეგიულია თუ არა ჩვენ ოჯახში სითბო იქნება თუ არა? - ამაზე სტრატეგიულია ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება. არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ობიექტის ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის ტრეიდინგი არის კომერციალიზირებული ამას "ანბანდლინგს" უწოდებენ. ამ დროს როგორც ყოველთვის ეფექტურობა მეტია ხოლმე. ენერგეტიკაშიც არის ეს ფენომენი, ტელეკომშიც, როდესაც ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა ემიჯნება იმ სერვისებს, რისი მეშვეობითაც ამ ინფრასტრუქტურით ხდება მიწოდება. ამ მიმართულებით არამარტო შეიძლება, უნდა ვიფიქროთ კიდეც. ენერგეტიკაშიც ასეთი სიტუაცია გვაქვს. დიდი ნაწილი პრივატიზირებულია, ქალბატონ ნათიასაც (თურნავა) შეუძლია ამ ნაწილზე ისაუბროს - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

მოგვიანებით ფინანსთა მინისტრის მოსაზრება ეკონომიკის მინისტრმა დააზუსტა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობა რკინიგზის პროვატიზაციას არ განიხილავს. როგორც თურნავამ განმარტა, ფინანსთა მინისტრი რკინიგზაზე საუბრისას მის რესტრუქტურიზაციას გულისხმობდა. 

"რკინიგზასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეს ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი შეფასება არის. ფინანსთა მინისტრის მიმართ კითხვა იყო ზოგადად დასმული, თუ რას აპირებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რადან ეფექტურობის გაზრდა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობა რკინიგზის პრივატიზებას არ გეგმავს, მსგავსი რამ არ განიხილება. რაზეც იყო სუბარი ფინანსთა მინისტრის მხრიდან, ესაა რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს მათ შორის რკინიგზასთან მიმართებაში, რადგან ჩვენი ვალდებულებები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს აღებული და ევროპული მოდელი მსგავსი ინფრასტრუქტურული საწარმოების, მათ შორის რკინიგზის, ითვალისწინებს გარკვეულ რეფორმას შიგნით, როცა ინფრასტრუქტურა და სარკინიგზო სერვისები ცალ-ცალკეა გამოყოფილი და ამაზე იყო საუბარი. გავიმეორებ, არ ვგეგმავთ რკინიზგის პრივატიზებას ამ ეტაპზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system