თავში

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერზე ინტერესთა
იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო.

როგორც report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფოს, დღემდე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, ანალოგიური მასშტაბის პროექტი არ განუხორციელებია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. 

"მნიშვნელოვანია, რომ პროექტით ინტერესდებიან მსოფლიოს წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები და ინვესტორები. იმედი გვაქვს, ინტერესთა გამოხატვის პროცესში არაერთი მათგანი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში, ქართულ-ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანიასთან „GeoHolding” & KSH Consortium ერთად დაიწყო.

„აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის, საქართველოს მთავრობამ 220 ჰა მიწის ფართობი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო. პროექტი ითვალისწინებს მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას. პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო განავითარებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რათა უზრუნველყოს იმ ბიზნესების უწყვეტი ოპერირება, რომელთა შექმნაც პროექტით არის გათვალისწინებული. შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ), ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის 30 აპრილამდე მიიღებს”,- განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ცნობისთვის, ,იმერეთის აგროზონა" დასაქმების მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ითვლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 900-ზე მეტი ადამიანის დასაქმება, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილია სატრენინგო- სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბებაც, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას. სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქართულ-ნიდერლანდური კონსორციუმი გასულ წელს, „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

საქართველოში ორგანიზებული აგროზონების შექმნა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულზე დაანონსდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system