თავში

იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა

იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა
იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა

2020 წლის ნოემბერში საქართველოში საქონლის იმპორტი წლიურად 12.1 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილით გამოირჩეოდა თურქეთი, რაც ძირითადად მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების იმპორტის კლებამ გამოიწვია. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტის კლება, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების შემცირების ფონზე, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვების ღირებულების შემცირებას უკავშირდება. სებ-ის განმარტებითვე, დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-დან (მსუბუქი ავტომობილების გამო), ჩილედან (სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შემოტანის კლების გავლენით), ირანიდან (ნავთობის კოქსი-ბიტუმისა და მოსაპირკეთებელი ფილების კლების გამო) და გერმანიიდან (მსუბუქი ავტომობილების გამო). 

ამის საპირისპიროდ, სებ-ის შეფასებით, ბრაზილიიდან და პერუდან იმპორტის მატება სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ხოლო აზერბაიჯანიდან - ნავთობაირებისა და ნავთობპროდუქტების შემოტანის ზრდით არის გამოწვეული. 

2020 წლის ნოემბერში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია და ბრაზილია. 

ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 61 პროცენტი მოდიოდა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, წინა წელთან შედარებით, ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

"2020 წლის ნოემბერში, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს, 6.1 პროცენტს, სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 8 პროცენტით შემცირდა და მთლიანი იმპორტის ცვლილებაში -0.5 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. იმპორტზე კლების მიმართულებით მნიშვნელოვნად იმოქმედა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მსუბუქი ავტომობილების, ნავთობაირების, სიგარეტები-სიგარილებისა და სატელეფონო აპარატების იმპორტმა (ჯამურად -10.6 პპ). მოიკლო ასევე ელექტროენერგიის იმპორტმა. ამის საპირისპიროდ, არსებითად გაიზარდა ძვირფასი ლითონებისა და კონცენტრატების, ხორბალიმესლინისა და დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი. ნოემბერში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო," - აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ნოემბრის თვის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 417.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად 13.4 პროცენტით დაიკლო და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 12.1 პროცენტით 718.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system