თავში

ინფლაცია კლებას გაზაფხულიდან დაიწყებს - სებ-ის პრეზიდენტი

ინფლაცია კლებას გაზაფხულიდან დაიწყებს - სებ-ის პრეზიდენტი
ინფლაცია კლებას გაზაფხულიდან დაიწყებს - სებ-ის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს.

"ინფლაცია არის დროებითი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შემცირდება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ ინფლაციის მოლოდინებში გადაზრდის საშიშროება არსებობს, გამკაცრებული პოლიტიკა იქნას შენარჩუნებული. როდესაც ამ ფაქტორებზე ვსაუბრობთ, ეს არის დოლარში დენომინირებული ფასები ნავთობის, ზეთის, ხორბლის და ა.შ. ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ფასების ზრდა დაუსრულებლად ვერ იქნება და რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება",  - განაცხადა გვენეტაძემ.

ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამო, სებ-მა დღეს რეფინანსირების განაკვეთის დამატებით გაზრდა გადაწყვიტა და ის 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა.

„შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system