თავში

ინფლაციის მოთოკვა ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება

ინფლაციის მოთოკვა ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება
ინფლაციის მოთოკვა ჯერჯერობით შეუძლებელი ხდება

სპეციალისტების განცხადებით, ეროვნულ ბანკს ლარის კურსთან ერთად, ინფლაციაც გაექცა და მისი მოტოკვა შუძლებელი ხდება, მინიმუმ, 2022 წლის მეორე ნახევრამდე. ამის შესახებ report.ge-თან ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს. მისი თქმით, შესაძლოა, ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდეს, თუმცა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელია, რომ დინამიკა კლების მიმართულებით შეიცვალოს.

,,ინფლაციაზე ფასების ზრდამ იმოქმედა. დავიწყოთ იქიდან, რომ ნავთობპროდუქტები საგრძნობლად არის გაძვირებული, რამაც ფაქტობრივად ყველაფერზე მოახდინა გავლენა, შესაბამისად, სამომხმარებლო ინფლაციაც გაზრდილია. აქ უკვე არა მარტო საწვავის ფასმა, არამედ ნედლეულის გაძვირებამაც იმოქმედა. აქედან გამომდინარე, მაღალი ინფლაციაა და მისი დონე თარგეთირებულ მაჩვენებელს მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა, რადგან გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის ყიდვა. კარგი იქნებოდა, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები უფრო ადრე და მეტი მოცულობებით განეხორციელებინა. ახლა კურსის და ინფლაციაც შორს წავიდა, რაზეც ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს", - ამბობს ნიკა შენგელია.

ანალიტიკოსის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც ძირითადად ინფლაციას უკავშირდება, თუმცა შესაძლებელი იყო, რიომ ის არსებულ მაჩვენებელზე მაინც შეენარჩუნებინათ, თუკი არ შეამცირებდნენ.

,,რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც ინფლაციით არის განპირობებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამის აუცილებლობა არ იყო. რეფინანსირების განაკვეთი იქნებოდა 8,5 თუ 9,5 ამას დიდი გავლენა არ ექნებოდა, ინფლაცია კი დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოითოკება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კი გაართულეს ცხოვრების პირობები, რამდენადაც გაძვირდა სესხები და საბანკო მომსახურება მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან.

ეკონომისტი გივი მომცელიძე ფიქრობს, რომ ლარის კურსი და ინფლაცია აძლიერებენ ნეგატიურ მოლოდინებს და არასტაბილურობის განცდას. მისი თქმით, ინფლაციური პროცესების მოთოკვა სებ-ს რეალურად გაუჭირდება, რადგან ფასები გეომეტრიული სისწრაფით მატულობს და არასახარბიელო ტენდენციის შეჩერება ლარის გაუფასურების ფონზე შეუძლებელია.

,,ფასებს უკვე ვერაფერი აჩერებს. პირიქით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგი პროდუქტების  კიდევ უფრო მეტად გაძვირებას უნდა ველოდოთ. ამ დროს ლარის კურსი 3.45-ის ფარგლებში ტრიალებს, -ს აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ მთელი წელი მაღალი ინფლაცია გვექნება. გადამწყვეტი იქნება, როგორ ჩაერევა ეროვნული ბანკი, რომელიც ინფლაციაზე პასუხისმგებელია, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ პროცესის მართვას ვერ შეძლებს. მიმდინარე ფასებზე საგარეო ფაქტორებიც ძალიან მოქმედებს. მაგალითად, ნედლეულის გაძვირება, ასევე საწვავის ღირებულების მატება. ახლა ყველაზე მძიმე პერიოდი მოსახლეობისთვის, მაღალი ინფლაციის და ლარის გაუფასურების პირობებში ბიზნესს და მოქალაქეებსაც ძალიან გაუჭირდებათ”, - ამბობს გივი მომცელიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ცნობით,2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system