თავში

ინფლაციის რა დონეს პროგნოზირებს სებ-ი 2021-23 წლებში

ინფლაციის რა დონეს პროგნოზირებს სებ-ი 2021-23 წლებში
ინფლაციის რა დონეს პროგნოზირებს სებ-ი 2021-23 წლებში

„საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც დღეისთვის არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ინფლაცია 2021 წლის პირველ კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, 2021 წლის მე-2 კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება," - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საქართველოს პირველ ბანკირის პროგნოზით, რეალური მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდება, თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ის - ძირითადად, მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე - 5%-ით გაიზრდება.

„საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად ალტერნატიულ სცენარსაც გაგაცნობთ. ეს სცენარი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას გულისხმობს. ამის მიზეზი შესაძლოა ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება და/ან ვირუსის შიშის გამო საერთაშორისო მოგზაურობისგან თავშეკავება გახდეს. ამ მხრივ საყურადღებოა რამდენიმე ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინის ხელმისაწვდომობის შეფერხება ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება, რაც საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს,“ - განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს, ის მიმდინარე ანგარიშის ბალანსსაც აუარესებს. ამ სცენარის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 2.0 პპ-ით უფრო მაღალი იქნება. ამის საპასუხოდ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად,მონეტარული პოლიტიკა, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო მეტად გამკაცრდება. ინფლაციის შემცირების შემდგომ კი, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შერბილდება. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system