თავში

ინფრასტრუქტურისთვის ნასესხებ 370 მილიონს მთავრობა ვერ ხარჯავს

ინფრასტრუქტურისთვის ნასესხებ 370 მილიონს მთავრობა ვერ ხარჯავს
ინფრასტრუქტურისთვის ნასესხებ 370 მილიონს მთავრობა ვერ ხარჯავს

საქართველოს მთავრობა 2019 წელს 2 216.1 მლნ ლარის ვალს იღებს, რაც გეგმასთან შედარებით 30 მლნ-ით მეტია. ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე დღეს აიტვირთა.

დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, რომ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 369.9 მლნ ლარით და 931.1 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც განმარტებით ბარათშია ახსნილი.

„2018 წლის ბოლოს დაწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტების შესრულება თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ გადავიდა მომდევნო წელს, რაც იწვევს ამ პროექტებზე მიბმული ასიგნებების და ამ სახით მისაღები შემოსულობების შემცირებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში. ამავდროულად, საინვესტიციო პროექტების მაჩვენებელი კვლავ შენარჩუნებულია წარმოდგენილ პროექტში და ხდება იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება“, - წერია განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა იზრდება 100 მლნ ლარით და 172.6 მლნ-ს შეადგენს. როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის გადაეცემა.

"თბილისის მიერ მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდებოდა ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები. ათვისების მაღალი ტენდენციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისს მიმდინარე წელს უფლება მიეცა კომერციული ბანკიდან 75 მლნ ლარამდე სესხის აღების თაობაზე. თბილისისათვის დამატებითი რესურსის მიწოდებით მოხდება აღნიშნული პროექტების დაფინანსება და კომერციულ ბანკთან არსებული ვალდებულებებიდან გამოსვლა", - ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system