თავში

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტი საბანკო სექტორისთვის

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტი საბანკო სექტორისთვის
იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტი საბანკო სექტორისთვის

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტმა, გარდა იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი საფასო რყევებისგან იხსნა, ლარიზაციის პროგრამაზეც დადებითად იმოქმედა და  არასუბსიდირებული სესხების სტიმულირებასაც შეუწყო ხელი. როგორც ძნელაძე ვარაუდობს, პროგრამა 2021 წელს სავარაუდოდ, ვერ გაგრძელდება, თუმცა რა მისიაც მას ჰქონდა დაკისრებული 6 თვის განმავლობაში, წარმატებით შესრულდა.

,,ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც პრაქტიკულად შეასრულა ის ფუნქცია, რაც იყო  მასზე დაკისრებული უძრავი ქონების სესხების სტიმულირებისათვის. პროექტმა ხელი შუწყო, რომ მინიმალური ყოფილიყო უძრავ ქონებაზე საფასო რყევები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანი შესრულდა. მათ შორის, ლარიზაციიდან გამომდინარეც,  მინიმალური დანაკარგი მიიღო ლარიზაციის პროცესმა, რადგან აღნიშნული პროექტი ვრცელდებოდა მხოლოდ ლარის სესხებზე, რამაც ამ მხრივაც დადებითი გავლენა ჰპოვა. საბოლოო ჯამში, პროექტს დადებითი შეფასება მოჰყვა როგორც მთავრობის, ასევე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების მხრიდანაც. რეალურად არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი გაისადაც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ასეთ რეკომენდაციას იძლევა. სუბსიდიის ფარგლებში 670 მლნ ლარის პორტფელის გენერირება მოხდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სუბსიდირებული სესხები არ გაცემულა, მთლიანი პორტფელში ამ ტიპის სესხების მაჩვენებელი 35%-ს არ აჭარბებს, მაგრამ მან დაასტიმურირა არა მხოლოდ სუბსიდირებული სესხები, არამედ სხვა ტიპის იპოთეკური სესხიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს report.ge-თან ალექსანდრე ძნელაძე. 

ცნობისთვის, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემაც შეაფასა. მისი თქმით, პროგრამამ უძრავი ქონების სექტორი გადაარჩინა, თუმცა ის ბანკებისთვის კრიზისულ წელს მაშველი რგოლი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდანაა ხელმისაწვდომი. პროგრამა წლის ბოლომდე გრძელდება. პროგრამის ფარგელბში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system