თავში

ირაკლი ბერაია: საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები აერთიანებს

ირაკლი ბერაია: საქართველოსა და აზერბაიჯანს
ირაკლი ბერაია: საქართველოსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები აერთიანებს

"აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე კეთილმეზობლური ურთიერთობები," - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ორმხრივ ფორმატში მჭიდრო თანამშრომლობისა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები.

მისივე თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და გამორჩეული კეთილმეზობლური ურთიერთობები უზრუნველყოფს ამ პროექტების წარმატებით განხორციელებას და ეფექტიანობას, ისევე როგორც ბევრი ახალი პროექტის რეალიზების შესაძლებლობას.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, აზერბაიჯანელი პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„აზერბაიჯანი იმ რეზოლუციის მხარდამჭერია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეა ყოველწლიურად ღებულობს. რასაკვირველია, ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც ღიაა ჩვენ ურთიერთობებში და თავისთავად, ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას შევეხეთ”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბერაია,საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე ერთობლივი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ორი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგნელების დღეს გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსენა, რომ კომისია განახლებული შემადგენლობით მუშაობს. როგორც მინისტრმა თქვა, ჩვენი პარტნიორებისთვის გარკვეული დოკუმენტაციის მიწოდება მოხდა, რაც მსგავსი კომისიის მუშაობის პროცესში ჩვეულებრივი პრაქტიკაა და რასაკვირველია, კომისიის ფარგლებში გადაწყდება კონკრეტული საკითხები, რაც არის კომისიის მანდატით გათვალისწინებული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თავის განცხადებაში მკაფიოდ აღნიშნა მთავარი გზავნილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ არსებობს გადაუჭრელი და მოუგვარებელი საკითხები", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. მას უმასპიძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. აზერბაიჯანის დელეგაციას გუშინვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system