თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სტარტაპერებს წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს, შეხვდა. Pulsar AI-ი ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. შეხვედრაზე Pulsar AI-ის დამფუძნებლებმა ქართული სტარტაპის ისტორიასა და წარმატების გზაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ქართული ინოვაციური პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Pulsar AI-ის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პრეცენდენტი, რაც Pulsar AI-მა შექმნა, დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს.

შპს "პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეკოსისტემის შექმნას, როგორც მთავრობის პრიორიტეტს. აღინიშნა, რომ მთავრობა, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსგავსი ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სტრატეგიას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართული ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. შეხვედრას, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეუერთდა ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ქვიგლი.

გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი შეიძინა. ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა.  გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system