თავში

ირანი და აზერბაიჯანი რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე შეთანხმდნენ

ირანი და აზერბაიჯანი რკინიგზით სატვირთო გადაზიდვები
ირანი და აზერბაიჯანი რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების ზრდაზე შეთანხმდნენ

სამი დღის წინ "აზერბაიჯანის რკინიგზების" ხელმძღვანელმა და ირანის გზების და ურბანული განვითარების მინისტრის მოადგილემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ შეთანხმებას. 

შეთანხმება ითვალისწინებს რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების მოცულობის 2 მილიონ ტონამდე გაზრდას წელიწადში (2020 წელს გადაიზიდა 480 000 ტონა) და რკინიგზების განვითარების ხელშეწყობას, აგრეთვე სარკინიგზო სფეროში ცოდნის ერთმიანეთისთვის გაზიარებას. 

აღინიშნა ისიც, რომ ირანული კომპანიები დაინტერესებულები არიან მთიან ყარაბაღში და, საერთოდ, რეგიონში რკინიგზების აღდგენის და ახალი ხაზების გაყვანის სამუშაოებში მონაწილეობის მიღებით. 

საქართველოში ფიქრობენ, რომ ყველა სვლა, რომელიც ტრასეკას იდეას აძლიერებს, საქართველოს ინტერესშია.

"ვფიქრობ, ყველა სვლა, რომელიც ტრასეკას იდეას აძლიერებს, საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს ზრდის," - ამბობს ორგანიზაცია "გახდი მესაკუთრეს" წევრი, ექპსერტი ზურაბ მაღრაძე.

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა დარწმუნებულია, რომ საქართველომ რკინიგზის საერთაშორისო ურთიერთობები უნდა გააქტიუროს. ექსპერტი ამტკიცებს, რომ რკინიგზა არის ის სფერო, რომელსაც თავისფლად შეუძლია იტვირთოს ეკონომიკაში წამყვანი და მთავარი გამწევი ძალის როლი. მისივე თქმით, თუ საქართველო სარკინიგზო საკითხებში ინერტულ პოლიტიკას გააგრძლებს, რეგიონში ისე დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ხაზები, რომ შესაძლოა ქვეყანა თამაშგარეც აღმოჩნდეს.

"არაფერი საგანგაშო არ არის, თუ დროზე გავააქტიურებთ "საქართველოს რკინიგზის" საერთაშორისო ურთიერთობებს, რომელიც საერთოდ არ არსებობს... არადა, ყველაზე დიდი სივრცე მოქმედებისთვის სწორედ ამ მიმართულებით არის. ამითვის სულ რამდენიმე რკინიგზის პროფესიონალია საჭირო, რკინიგზის, და არა ენერგეტიკის, ისტორიის, ფილოსოფიის და ა.შ. " - გვეუბნება დათო გოჩავა.

შეგახსენებთ, სპეციალისტები საქართველოსთვის რეეგიონისა და კონტინენტთაშორის მთავარი სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიიჩნევენ. უფრო მეტიც,  აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს დეოკუპაციის შესაძლებლობასაც კი ხედავენ.

შეგახსენებთ, რეგიონის ლოგისტიკურ რუკაზე ახალი შტრიხები ჩნდება: 2020 წლის დეკემბერში ირანსა და ავღანეთს შორის გაიხსნა 140 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზი "ხაფი - გურიანი". ეს არის 225 კმ-იანი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო ხაზის „ხაფი - ჰერათი“ მონაკვეთი. ექსპერტების განმარტებით, სარკინიგზო ხაზი, რომელიც ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განლაგებულ ქალაქ ჰერათს ირანის გავლით უკავშირებს სტამბულს ისე, რომ კავკასია საერთოდ გვერდით რჩება.

უნდა აღინიშნოს თურქეთ - სომხეთის (ყარსი - გიუმრი - ნახიჩევანი - ბაქოს) დერეფანიც, რომელიც, ტვირთნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით, რეგიონის ეკონომიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე ახალ რეალობას ქმნის, თუმცა, სპეციალისტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ახალი ლოგისტიკური მარშრუტები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. მათი განმარტებით, ეს მარშრუტი მთაგორიანია, რაც მიმოსვლის დროს ზრდის, ტექნიკურ შესაძლებლობებს ართულებს. ეს კი საბოლოოდ ლოგისტიკის ტარიფს გაზრდის, რის გამოც ამ დერეფანს მის იაფ ალტერნატივასთან (BTK) კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის სახმელეთო გზის გახსნაზე აზერბაიჯანი დიდ იმედს ამყარებს. ამ სარკინიგზო დერეფნით ისარგებლებენ: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი და ირანი, ანუ აზერბაიჯანული მხარე ახალ სატრანსპორტო დერეფანში სომხეთის ჩართვას არ გამორიცხავს, თუმცა გარკვეული პირობით.

თურქეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 12 ნოემბერს დაანონსდა. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, სარკინიგზო პროექტს სახელიც შეურჩიეს და მას „თურქეთის კარიბჭე“ უწოდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "თურქეთის კარიბჭის" სარკინიგზო პროექტს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახჭევანის გავლით დიდი სტრატეგიული უპირატესობები ექნება. თურქეთი და აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ „თურქეთის კარიბჭე“ ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან მტკიცე კავშირების დამყარებას, აგრეთვე მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს შექმნის ჩინეთთან. ორივე მხარის მტკიცებით, ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივ ვაჭრობასა და თურქეთისა და აზერბაიჯანის განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებას.

ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება. პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული სამუშაოების უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზადდება.

ბაქო-ნახიჩევან-თურქეთის რკინიგზის BTK- სთან ინტეგრაცია განიხილება. მას შემდეგ რაც ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაანონსდა, ექსპერტების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საქართველო აღმოჩნდებოდა რკინის აბრეშუმის გზის მიღმა, თუმცა ლოგისტიკის ექსპერტების ნაწილს სჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას იმდენად მომგებიანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, მისი კონკურენცია და სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება საფუძველს მოკლებულია.

იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს აბრეშუმის გზის რუკაზე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ, სპეციალისტების განმარტებით, უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო ყარსის რკინიგზაზე, რასაც ითვალისწინებს აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება, რადგან მათი მტკიცებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც უნდა განხორციელდეს უცხოური ინვესტიციები. ასევე, ახალქალაქის რკინიგზის სადგური უნდა გახდეს საყრდენი პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული და რუსული სარკინიგზო სისტემების უმაღლეს დონეზე შეპირაპირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system