თავში

ივანე მაჭავარიანი: არავის დანდობა არ იქნება

ივანე მაჭავარიანი: არავის დანდობა არ იქნება
ივანე მაჭავარიანი: არავის დანდობა არ იქნება

100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების საქმეზე (იგივე დღგ-ს ფიქტიური აქტივების საქმეზე) დაჭერილია 55 ადამიანი, 11 არის ძებნაში, არის უამრავი ქონება უძრავი და მოძრავი დაყადაღებული, აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

კითხვაზე, სმენია თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით ფარცხალაძის გვარი, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მხოლოდ მედიიდან.

„საერთოდ იცოდეთ, რომ დღგ – ეს ფიქტიური აქტივები, ამ ქვეყანაში რაც დღგ არსებობს, სულ იყო. დღესდღეობით ევროკავშირში წლიურად დაახლოებით 150 მილიარდი ევრო იკარგება დღგ-ს სხვადასხვა სქემების ფარგლებში. ეს არის საკმაოდ რთული და რისკიანი პოზიცია. აღმოჩნდა ხვრელები, რომლებიც გამოიყენეს ბოროტად. ამაზე სწრაფი და მყისიერი რეაქცია მე არ ვიცი. ბუნებაში რატომ ხდება თაღლითობა თუ მეკითხებით, ბუნებაში თაღლითობაც ხდება სამწუხაროდ, მკვლელობაც და უამრავი დანაშაულიც. გამოძიების შედეგად დაყადაღებულია ქონება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ბოლო გამოძიებამ ეს ბოლო კაპიკამდე ამოიღოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯიამ" გაავრცელა განცხადება, სადაც აღწერდა დღგ-ს გაყალბების თაღლითურ სქემას. "ჰაბ ჯორჯიას" დირექტორი ვასო ურუშაძე განმარტავდა, რომ ამ თაღლითობის მთავარი გმირი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია. სქემა კი ასე მოქმედებდა:

კონკრეტული დანიშნულებისთვის, იქმნება ახალი კომპანიები, რომლის სახელზეც მზადდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, მოგვიანებით ამ კომპანიებზე დღგ-ს გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით თანხა ირიცხება, საქმის დასრულების შემდეგ ეს კომპანიები ქრება, ფული კი კონკრეტულ პირებზე ნაწილდება. ურუშაძის თქმით, გავლენიანი ლობისტების დახმარებით კი ფიქტიურად შექმნილი კომპანიები 18 %-იანი დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ) ბიუჯეტს უმალავენ. გამიზნულად შექმნილი შპს იბარებს გარკვეული რაოდენობის პროდუქციას, რომლის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში კომპანიას ბიუჯეტმა უკან უნდა დაუბრუნოს გადახდილი დღგ. სქემის ავტორები აყალბებენ დოკუმენტებს და დეკლარაციაში წერენ ასჯერ უფრო მაღალ ციფრს, ვიდრე საექსპორტო საქონელია რეალურად. შედეგად, ექსპორტზე გამტან კომპანიას ბიუჯეტიდან უკვე 100-ჯერ მეტი თანხა ეკუთვნის. ურუიშაძე განმარტავს, რომ გაუთვალისწინებელი ვითარების თავიდან არიდების მიზნით, მაქინატორებს თანხა ბიუჯეტიდან ნაღდი სახით არ გააქვთ, არამედ შემოაქვთ საწვავი, ან სხვა პროდუქტი და მაქინაციური სქემით დაგროვებული დღგ-ს ზედმეტობით უკვე ამ საწვავს ანბაჟებენ.

ვასო ურუშაძის თქმით, ასე ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი 18 %-ის გადანაწილება დაინტერესბეულ პირებს შორის. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოთამაშე კი იძულებული ხდებოდა, ნებსით თუ უნებურად, ამ თაღლითურ სქემაში გადასულიყო, რათა არ გაკოტრებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system