თავში

ივანე მაჭავარიანი: ვინმემ რომ ახლა 6 მილიარდი გვასესხოს, არც გვჭირდება

ივანე მაჭავარიანი: ვინმემ რომ ახლა 6 მილიარდი გვასესხოს, არც გვჭირდება
ივანე მაჭავარიანი: ვინმემ რომ ახლა 6 მილიარდი გვასესხოს, არც გვჭირდება

ბოლო 7 წლის განმავლობაში ეკონომიკაში საკმაოდ დიდი გარღვევა გვაქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს. 

მინისტრის თქმით, საქართველოში 2012 წლის შემდეგ, საშუალოდ, წელიწადში 4.8%-ით იზრდებოდა ეკონომიკა. ჯამში ეს მაჩვებელი 1/3-მდე გაიზარდა.

„მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტზე დამოკიდებულება. ეს ჩვენი, ისევე, როგორც ბევრი პატარა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება იყო. ეს იყო ე.წ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. რეალურ გამოსახულებაში, ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო ორი წელია, 5%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. ეს არ იყო ცუდი მაჩვენებელი. შარშან ხშირად მესმოდა, - 5% არაფერია, ჩვენს ქვეყანას მეტი სჭირდება... ამ კრიზისმაც დაგვანახა, რომ ასეთი ზრდების მიღწევა იოლი არაა," - აღნიშნა მაჭავარიანმა და დაამატა, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ, ეკონომიკური კუთხით, მდგრადობა არაერთხელ გამოავლინა. მინისტრს მაგალითად მოჰყავს შარშან, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა, რომლის ზარალის ანაზღაურება ქვეყანამ მალევე შეძლო და წელი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლით დასრულდა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკას საერთაშორისო დახმარება მედეგს ხდის კორონავირუსის ეკონომიკური შოკის მიმართ. მინისტრი საერთაშორისო დახმარების ოდენობას აზუსტებს.

საუბარი იყო არ იყო 3,5 მილიარდ დოლარზე, საუბარი იყო 3 მილიარდ დოლარზე. აქედან სახელმწიფო იღებდა 1,5 მილიარდამდე დაფინანსებას და ეს ძალაშია, საკმაოდ რეალურია. პრაქტიკულად პროცესი დაწყებულია, წინა კვირას მოვაწერეთ ხელი მსოფლიო ბანკთან ხელშეკრულებას 80 მილიონ დოლარზე, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები აზიის საინვესტიციო ბანკთან. იქიდან 100 მილიონი. 200 მილიონი იქნება ალბათ მაისში უკვე. რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა სავალუტო ფონდის დახმარება, „გაფართოებული დაფინანსების პროგრამა“ ჰქვია“, იმის ფარგლებში. შემდგომში უკვე აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის განვითარების სააგენტო, საფრანგეთის განვითარების სააგენტო რიგში დგანან. შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება მათთან ხელშეკრულებების გაფორმება და ასევე ჩამორიცხვები და 1,5 მილიარდი საკმაოდ რეალური ციფრია“, - განაცხადა მაჭავარიანმა და დაამატა, რომ კიდევ 1,5 მილიარდი საერთაშორისო ორგანიზაციების ქართულ ბანკებთან და კომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად გამოიყოფა.

"შესაბამისად, ჯამში როდესაც ვსაუბრობთ 3 მილიარდამდე ამ პერიოდში, საკმაოდ რეალური ციფრია და არა მგონია აქ ვცოდავდეთ ვინმე“, - აღნიშნავს მინისტრი და დასძენს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ფინანსური დახმარება არც სჭირდება.

"ვინმემ რომ ახლა 6 მილიარდი გვასესხოს, არც გვჭირდება. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა - სად მიგვაქვს ეს სესხი? შვილებს ვუტოვებთ, რომ 3-5-7 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღარ განვითარდეს? ვალის აღება უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული იმისა, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე," - ამბობს ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ,შესაძლოა, საქართველოს კრიზისის დასაძლევად ეს დამტკიცებული ფულიც არ დასჭირდეს, რადგან შეიძლება კრიზისიდან უფრო მალეც გამოვიდეს და მილიარდიც აღმოჩნდეს საკმარისი.

"რაც ნაკლები დაიხარჯება ამ ფულიდან კრიზისის პერიოდში, მით მეტი თანხა მოხმარდება განვითარებას და სტიმულირებას. ესაა ჩვენი მიზანი და ამას ემსახურება დროებითი შეზღუდვებიც, რომლებიც ყოველკვირეულად იხსნება," - ამბობს მაჭავარიანი და ოპონენტებსაც პასუხობს.

"საერთაშორისო ორგანიზაციები ნაცნობობით ფულს არ იძლევიან. ისინი აფასებენ, როგორ მიგყავს ეკონომიკური პოლიტიკა, რამდენად პასუხისმგებლიანი ხარ, სად ხარჯავ ამ ფულს, ხვალინდელ დღეს რამდენად სწორად ხედავ. მაგალითად, პენსიების ინდექსაცია, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა, ეს პრაქტიკულად იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო. გადაწყვეტილების 90% მიიღება იმის გათვალისწინებით, რამდენად წარმატებით ახორციელებ რეფორმებს“, - ამბობს მაჭავარიანი და დასძენს, რომ ეკონომიკის გახსნის ფაზები დაჩქარდება. მინისტრის შეფასებით, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ მაისის ბოლომდე ყველა ძირითადი და მნიშვნელოვანი სფერო გაიხსნას. 

"ცოტა უფრო რთული საკითხი იქნება საზღვრების გახსნა და ამა თუ იმ ქვეყნიდან ტურისტების მიღება. ეს ალბათ ორმხრივი მოლაპარაკებების საგანი იქნება. თუ ორი ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ეპიდემიას, ისინი თავისუფლად შეძლებენ ერთმანეთისგან მოქალაქეების მიღებას. შიდა ეკონომიკური აქტივობები იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ წარმოგვედგინა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system