თავში

ივნისში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

ივნისში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა
ივნისში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 459.6 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 28.7 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 16.5 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის შეფასებით, სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ეროვნული ვალუტით დეპოზიტების მატებით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ლარში გამოსახული მაჩვენებლის მცირედით შემცირდა, რაც ლარის გამყარების შედეგად გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 878.9 მლნ ლარით (8.7 პროცენტით) გაიზარდა და 10.99 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, მეტწილად იურიდიული პირების დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული.

კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 1.6 პროცენტიანი (88.7 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.79 მლრდ დოლარი შეადგინა. სებ-ის განმარტებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული. 

სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2020 წლის ივნისში 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 61.7 პროცენტს შეადგენს. 

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 50.1 და 74.9 პროცენტს შეადგენდა. 

ივნისში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 7.2 პროცენტი შეადგინა. 

ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 9.7 პროცენტს შეადგენს. 

იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთმა წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 9.0 პროცენტია. 

ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტული პუნქტით და 11.4 პროცენტს შეადგენს. 

უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით და 2.6 პროცენტის ნიშნულზეა. 

უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და 3.2 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი უცვლელია და 2.5 პროცენტის ნიშნულზეა. 

2019 წლის ივნისში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 2.5 პროცენტული პუნქტით 9.7 პროცენტამდე გაიზარდა. კლება დაფიქსირდა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთებზე, 0.3 პროცენტული პუნქტით და 2.6 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system