თავში

"ჯანსაღი ფინანსური სექტორი ეკონომიკის ლოკომოტივია"

"ჯანსაღი ფინანსური სექტორი ეკონომიკის ლოკომოტივია"
ჯანსაღი ფინანსური სექტორი ეკონომიკის ლოკომოტივია

"ჯანსაღი ფინანსური სექტორი ის ლოკომოტივია, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება," - დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

გვენეტაძის თქმით, პანდემიის პირობებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დროებითი საზედამხედველო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკის და სხვა წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერის გამოთავისუფლება, რომელიც წინა წლებში გროვდებოდა. 

"ეს რესურსი ბანკებს საშუალებას მისცემს პოტენციული ზარალები გაანეიტრალონ და ეკონომიკის დაკრედიტება არ შეაფერხონ. ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით კვლავ კომფორტული ზომის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს. დღეს, როდესაც ეკონომიკა პანდემიის ფინანსურ და ეკონომიკურ შედეგებს უმკლავდება, სავსებით ცხადად გამოჩნდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის აქცენტების და მიდგომების სრული სისწორე. ასეთი თანმიმდევრული მიდგომების გარეშე ჩვენი საფინანსო სისტემა დღევანდელ უპრეცედენტო გამოწვევას ვერ გაუძლებდა. თუ 2008 წელს პრობლემები ფინანსური სექტორიდან წამოვიდა, დღეს, პირიქით, სწორედ იმის გამო, რომ წლების განმავლობაში საბანკო სისტემა მომგებიანი იყო და ბუფერებს აგროვებდა, ეს ახლა კრიზისთან გამკლავებაში გვეხმარება, ვინაიდან ჯანსაღი ფინანსური სექტორი არის ის ლოკომოტივი, რომელიც პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკას სწრაფ აღდგენასა და გაჯანსაღებაში ეხმარება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა. 

გვენეტაძის თქმით, აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განხილვები გამართა. შედეგად, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვა წარმატებით დასრულდა და პანდემიასთან გასამკლავებლად პროგრამის საერთო თანხაც გაიზრდა.

"პანდემიის ფონზე გაზრდილი ფინანსური საჭიროების დაფინანსებასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხები პოზიტიურად საერთაშორისო რეზერვებზეც აისახება. ხაზგასასმელია, რომ გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების მიმართულებით გაწეული ძალისხმევის სარგებელი არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებით კარგად ჩანს. ამ არაორდინარული ვითარების ფონზე, სწორედ აღნიშნულ რეზერვებს ვიყენებთ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისთვის. შოკებთან გასამკლავებლად გაცვლითი კურსის მოქნილობა კვლავ აქტუალური იქნება. თუმცა, ამავდროულად, ფასების სტაბილურობის მანდატის ფარგლებში, სავალუტო ინტერვენციები ლარის გადაჭარბებული მერყეობების შესარბილებლად და სავალუტო ბაზრისთვის ლიკვიდობის მისაწოდებლად იქნება გამოყენებული. 2019 წელი გამოწვევებით სავსე იყო, არანაკლებ იქნება გამოწვევებით სავსე 2020 წელი, მაგრამ ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი. მხოლოდ ასეთი პოლიტიკით შეიძლება მაკროეკონომიკურ და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, რაც გრძელვადიან პერიოდში დაბალი და სტაბილური ინფლაციისა და მაღალი და მდგრადი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system