თავში

ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ - FAO

ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ - FAO
ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ - FAO

ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან დაიწყებს. ცვლილების მიღება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

„დადგენილების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემულ საქონელზე კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნებით; თუ ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში (NAITS) და ფერმერს ცხოველის ვაქცინაციაზე უარი არ აქვს ნათქვამი. ასევე, კომპენსაციის მისაღებად, ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია: ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება.

მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე შეისწავლის ვითარებას, აიღებს ნიმუშებს და მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი ცხოველის შესაბამისი წესით განადგურებას. კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ხოლო, ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება.

ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, ახალ სტრატეგიას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიზანი.

„პირველი, ფერმერებმა არ დამალონ ცხოველების დაავადების და დაცემის ფაქტი, რასაც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს კომპენსაციის მოლოდინი და მეორე, შემცირდეს ის დიდი ზიანი, რომელიც სახელმწიფოს და ფერმერებს ადგება ჯილეხის შემთხვევების შედეგად“, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

„ამჟამად, საკომპენსაციო მექანიზმის და ფინანსური ანგარიშსწორების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system