თავში

კახეთის ახალი სკოლების აშენებას 6 მილიონი ლარი მოხმარდება

კახეთის ახალი სკოლების აშენებას 6 მილიონი ლარი მოხმარდება
კახეთის ახალი სკოლების აშენებას 6 მილიონი ლარი მოხმარდება

"მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს დაგეგმილი 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 85 სკოლის რეაბილიტაცია. უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 20 სკოლის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. წლის ბოლომდე კი 4170 ბავშვზე გათვლილი სკოლების მშენებლობა იქნება დასრულებული," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

მან სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლებისა და ინოვაციური ცენტრის მშენებლობის პროცესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

"ამჟამად დაახლოებით 220 მილიონი ლარის ღირებულების ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახეთში ამ ეტაპზე 7 ახალი სკოლა შენდება. ერთ-ერთი გახლავთ სოფელ ბოდბის 90 ბავშვზე გათვლილი სკოლა. დანგრეული სკოლის გამო ბავშვებს მეზობელ სოფლებში სიარული უწევდათ, ახალი სკოლის გახსნის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ, თავიანთ სოფელში მიიღონ განათლება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. იგი 90 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. შენობა ადაპტირებულია და მასში კეთილმოწყობილ საკლასო ოთახებთან, კაბინეტებთან და ლაბორატორიასთან ერთად განთავსდება ბიბლიოთეკა, ბუფეტი და ექიმის კაბინეტი. ასევე, მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე სკოლის ტერიტორიაზე. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 809 968 ლარს შეადგენს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლას, ახალი შენობა 90 მოსწავლეზე არის გათვლილი და ასევე სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მათ შორის, ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 1 682 000 ლარს შეადგენს. სკოლის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ცნობისთვის, ქალაქ გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ივლისის ბოლომდე დასრულდება. ცენტრის ორსართულიან შენობაში განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები და საკონფერენციო სივრცე. ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის მოეწყობა ღია ტერასა. კეთილმოეწყობა და შემოიღობება ცენტრის ტერიტორია და შეიქმნება პარკირების სივრცე. ინოვაციების ცენტრი ადაპტირებულია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი 2 400 000 ლარით აფინანსებს.

შეგახსენებთ, 2019-2020 წლებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაიწყო 59 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-მდე სკოლის პროექტირება-მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, 2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ 640 სკოლაში განხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system