თავში

კახეთში ალოობა დაიწყო - რა პრობლემები აქვთ მეხორბლეებს

კახეთში ალოობა დაიწყო - რა პრობლემები აქვთ მეხორბლეებს
კახეთში ალოობა დაიწყო - რა პრობლემები აქვთ მეხორბლეებს

კახეთში, რამდენიმე რაიონში, ალოობა უკვე დაიწყო, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, მოსავალი შემცირებულია. ფერმერთა დიდი ნაწილი ხორბლის მოსავლის სიმცირეს და ტექნიკის უქონლობას უჩივის. მცირე ფერმერები სახელმწიფოსგან ტექნიკით უზრუნველყოფას ითხოვენ, რათა მარცვლეულის მოსავლის აღებამ შეუფერხებლად ჩაიაროს.

ხორბლის ფასი წელს მაღალი იქნება, რითაც გლეხი მცირემოსავლიანობის გამო მიღებული ზარალის  კომპენსირებას შეეცდება. მათი მოლოდინით წელს 1 კგ ხორბალი 60-65 თეთრი ეღირება.

ფერმერები report.ge-ს უხსნიან, რომ თუ შარშან 1 ჰექტარ მიწაზე 4 ტონამდე მარცვლეული მოდიოდა, წლევანდელ სეზონზე შესაძლოა მათ 2 ტონამდეც ვერ აიღონ.

"ხორბლის მარცვალი მაისში ივსება და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გვალვა. ხორბალი წვრილია და დაბალი ხარისხის. ფასი ამ ეტაპზე 55-60 თეთრია," - განუცხადა report.ge-ს მეხორბლე ფერმერმა ზვიად ნატროშვილმა.

მცირემიწიანი ფერმერებისთვის პრობლემაა ტექნიკის არქონაც. ისინი ამბობენ, რომ ხვნა-თესვისას პრიორიტეტი მსხვილ ფერმერებს ენიჭებათ და მცირე ფერმერებს გრძელ რიგებში დგომა და ლოდინი უწევთ, რის გამოც ჯერ დატესვა და მერე უკვე მოსავლის აღებაც უგვიანდებათ.

კომბაინების დეფიციტს აღიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ლევან დავითაშვილი ალოობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„წელს შირაქის ველზე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოსავალი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჯამურად საჰექტრო მოსავალი წელს უფრო მეტია შარშანდელთან შედარებით. ამის მიუხედავად, დღეს უფრო მყარია მოთხოვნა როგორც ქერზე, ასევე ხორბალზე. 65 თეთრია ქერის ფასი და 60-ზე მეტია ხორბლის ფასი, ეს არის ყველაზე მაქსიმუმი, რაც კი მოსავლის აღების დროს წინა წლებში ფიქსირდებოდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ფერმერებთა შეხვედრისას განაცხადა, რომ ტექნიკის დეფიციტი ამჟამად მეტნაკლებად დაძლეულია და პრობლემა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შემცირდება, რადგან მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ტექნიკის, მათ შორის, კომბაინის შეძენის თანადაფინანსების კომპონენტს შეიცავს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 7000-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაა, რაც  2012 წელთან შედარებით, კონკურენტუნარიანი ტექნიკის გაორმაგებული ოდენობაა.

"რამდენიმე წელში მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ტექნიკის თანადაფინანსებაზე მოთხოვნა დიდია. ადრე საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ფერმერისთვის ტექნიკა. ახლა მუშაობს შპს "მექანიზატორი" და ეს პრობლემა დაძლეულია მეტნაკლებად, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სანამ პრობლემა ერთ ფერმერს მაინც აწუხებს, აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩვენ ამას ვაკეთებთ კიდეც. ვუფინანსებთ გლეხებს ტექნიკის შესაძენად სესხებს და ვართ ამ სესხების თანამონაწილეები," - ამბობს მინისტრი.

კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო და შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით მიმდინარეობს. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 100 ერთეული კომბაინი.

კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობები 71, 000-მდე ჰექტარს, ხოლო ქერის - 22,000ჰა-ზე მეტს შეადგენს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარი, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარია.

წელს ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონა, ქერის კი 70-80 ათასი ტონაა.

რეგიონში ხორბალი კულტურის ნათესები ძირითადად შირაქის ველზეა თავმოყრილი.

შეგახსენებთ, ქვეყანა ყოვეწლიურად 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის მხოლოდ 10-15%-ს უკავია დანარჩენს კი იმპორტი ავსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system