თავში

კაკლოვანი კულტურების პოტენციალი საქართველოში

კაკლოვანი კულტურების პოტენციალი საქართველოში
კაკლოვანი კულტურების პოტენციალი საქართველოში

თბილისში ვებინარი თემაზე: ,,კაკლოვანი კულტურების − ნუშისა და თხილის − პოტენციალი საქართველოში" გაიმართა. კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიამ ქოიავამ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით განიხილა კაკლოვანი კულტურების მოსავლიანობის მხრივ არსებული ვითარება და ისაუბრა გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების წარმოებას უკავშირდება.

მარიამ ქოიავას თქმით, კაკლოვანი კულტურების წარმოება საქართველოში 30-დან 40 ათას ტონამდე მერყეობს. მოსავლის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 80-90 %, წარმოდგენილია თხილით, ხოლო დანარჩენი წილი კაკალს და ნუშს უკავია.

,,2016-2018 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა კაკლოვანი კულტურების მოსავალი, რაც აზიური ფაროსანას გავრცელებას უკავშირდება. მავნებელმა დიდი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, მათ შორის თხილის მოსავალს. თუმცა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა და ქიმიური წამლობის შედეგად მოხდა მწერისგან მიყენებული ზარალის შემცირება. თხილისგან განსხვავებით, გაცილებით დაბალია კაკლის კულტურის გავრცელება ქვეყნის მასშტაბით. ნუშის ადგილობრივი წარმოება კი იმდენად მიზერულია, რომ შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს. 2015 წლამდე საქართველოში კაკლისა და ნუშის არაკომერციული ჯიშები და არაორგანიზებული ბაღები იყო გაშენებული. მოგვიანებით კი, ,დანერგე მომავლის" ფარგლებში ასეულობით ჰექტარზე გაშენდა თხილის, კაკლისა და ნუშის კომერციული ჯიშების ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღები. 2018 წელს პროგრამას დაემატა ფისტას კომპონენტი, რის შემდეგაც უკვე მოხდა ფისტას ბაღების გაშენება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ფისტას მსხმოიარე ბაღები არ არსებობს, მაგრამ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება ამ კულტურის მოსავალი და ბაზარზე გაჩნდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტი", - განმარტა მარიამ ქოიავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  პროგრამის - ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში, 2020 წლის მარტის ჩათვლით, გაშენდა სულ 677 ჰა თხილის , 2,927 ჰა კაკლის, 1,511 ჰა ნუშის და 147 ჰა ფისტას ბაღები.

ქოიავას ინფორმაციით, კაკლის, ნუშის და ფისტას გავრცელება ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს კახეთისა, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ხოლო თხილის - სამეგრელოს რეგიონში. მისივე თქმით, აღნიშნული კულტურების რეგიონული კონცენტრაცია განპირობებულია კლიმატური და ნიადაგური პირობებით, შესაბამისად, მათი გავრცელება ხდება იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელიც ყველაზე ხელსაყრელ გარემოს ქმნის ამა თუ იმ კულტურის განვითარებისთვის.

თხილი არის დღესდღეობით ერთადერთი კაკლოვანი კულტურა, რომელიც ექსპორტზე სტაბილურად გადის. კაკლის და ნუშის ორგანიზებული წარმოება რეალურად არ არსებობს. თხილის საექსპორტო ბაზრები უკვე დივერსიფიცირებულია. ,,საქსტატის' მონაცემით, რომელსაც მარიამ ქოიავა იშველიებს, 2015-2020 წლებში 57 სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდა თხილის ექსპორტი. ყველაზე დიდი რაოდენობით იტალიასა და გერმანიაში, შემდეგ მოდის რუსეთი და ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები, ესპანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი, უკრაინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system