თავში

კალმახა სოკოს წარმოების პოტენციალი საქართველოში

კალმახა სოკოს წარმოების პოტენციალი საქართველოში
კალმახა სოკოს წარმოების პოტენციალი საქართველოში

აგრარული სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ კალმახა სოკოს წარმოება რენტაბელური და მაღალშემოსავლიანი ბიზნესია. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის წამყვანი აგრონომი ნინო ჭიორელი report.ge-თან ამბობს, ამ ტიპის სოკოს წარმოება როგორც საოჯახო, ისე წვრილ და მსხვილ ფერმერს მცირე საწყისი ინვესტიციით შეუძლია. ბაზრის დაახლოებით 25 %-მდე ოჯახურ მეურნეობებზე მოდის.

ჭიორელის განმარტებით, კალმახა სოკოს გამრავლების ხდება 2 ძირითადი მეთოდით: ექსტენსიური (ხის მორებზე) და კულტივირების ინტენსიური მეთოდი (ჩალაზე პოლიეთილენის პაკეტებში (ბრიკეტები). მათ შორის უფრო მომგებიანია კალმახა სოკოს კულტივირება ინტენსიური მეთოდით, რომელიც საქართველოში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება.

,,ინტენსიური მეთოდისას სოკოს კომპოსტად პრაქტიკაში გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, როგორიცაა ბანანის ფოთლები, ქერის ჩალა, წიწიბურას ჩალა, მატიტელა, სიმინდის ტარო, ბამბა,სელი და შვრია. ამჟამად ჩვენში გავრცელებულია ხორბლის ნამჯის ბრიკეტები, მზესუმზირის ჩენჩოს შენარევით (სუბსტრატის სიმკვრივისთვის ურევენ ჩენჩოს 15-20%).  მნიშვნელოვანია ამის ცოდნა ხორბლის მწარმოებლებისთვის, რათა მეორადი პროდუქტი, ე.წ. ნამჯა, გადაწვის მაგივრად იგი მულჩად გამოიყენონ ან სოკოს მწარმოებლებს შესთავაზონ. ამით თავიდან აირიდებენ ნიადაგის ჰუმუსიან ფენის დაზიანებას და გარკვეულ შემოსავალსაც მიიღებენ", - ამბობს აგრონომი.

რაც შეეხება კალმახა სოკოს მოხმარებას, ნინო ჭიორელი ,,საქსტატის" მონაცემზე დაყრდნობით  აღნიშნავს, რომ წლების წინ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული სოკო მთლიანად იმპორტირებული იყო, თუმცა 2012 წლიდან იმპორტის შემცირების და ექსპორტის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

,,2012 წელს იმპოტის სახის საქართველოში შემოვიდა 2,732.7 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია - (სოკო ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული) მაშინ, როდესაც 2019 წელს ეს ციფრი 738.6 ათასი აშშ დოლარამდე შემცირდა. იმპორტი ამ პერიოდში ძირითადად ჩინეთიდან, სომხეთიდან, ესტონეთიდან და თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორციელდებოდა. შეიძლება ითქვას, საქართველოში მხოლოდ სოკოს მცირე საოჯახო მეურნეობები არსებობდა, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში სოკოს ინტენსიური ფერმები შეუერთდნენ და მათ არა მარტო ქართულ ბაზარზე დამკვიდრება, არამედ ექპორტზე გასვლაც შეძლეს. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის ბაზარზე ქართულ სოკოს, როგორც ნედლ ისე მშრალი სახით კონკურენციის გაწევა საკმაოდ მძლავრ მწარმოებლებთან უწევს. საქართველოს ბაზარზე გარდა კალმახა სოკოს მთლიანი ციკლის მწარმოებლებისა, ასევე აქტიურობენ წვრილი ოჯახური მეურნეობებიც, რომლებიც ბაზრის დაახლეობით 20-25%-ს შეადგენენ", - განმარტავს ჭიორელი და დასძენს, რომ წარმოებისადმი ინტერესის მიუხედავად, კალმახა სოკოსადმი მოთხოვნა საქართველოში ნაკლებია, რის გამოც ზოგიერთ სეზონზე (არასამარხვო) ფერმერებს გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში უწევთ. 

აგრონომის განცხადებით, ევროპისა და საერთაშორისო ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად ქართული კალმახა სოკოს ცნობადობა უნდა ამაღლდეს, ამისათვის კი ერთ-ერთი კარგი საშუალება სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაა, რომელიც მწარმოებელს იმპორტიორთან პირდაპირ დააკავშირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system