თავში

კანონიერია თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობა - მშენებელი კომპანიის განმარტება

კანონიერია თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობ
კანონიერია თუ არა ნამახვანჰესის მშენებლობა - მშენებელი კომპანიის განმარტება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ENKA Renewables (შპს „ენკა რინიუებლზ“) საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.

report,ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ნებართვასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ქვედა ნამახვან ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება.

ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია ENKA Renewables 2020 წლის მაისიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსამზადებელ სამუშოებს ახორციელებს. ეს პროცესი ხორციელდება 2020 წლის 22 აპრილს გაცემული ნებართვის საფუძველზე, ნებართვით განსაზღვრულ ფარგლებში (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ნებართვა №60-04) და მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაშია.

ხსენებული ნებართვის თანახმად, კომპანიას ნება დაერთო, ეწარმოებინა მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოები. ამავდროულად, განისაზღვრა, რომ 2022 წლის მარტამდე მას უნდა წარედგინა მიწის საჭირო ნაკვეთებზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2021 წლის აპრილამდე - დეტალური პროექტი საექსპერტო დასკვნებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვით დასაშვებია დეტალური პროექტის ეტაპობრივად წარდგენა, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე წარდგენილი და შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული ოფიციალური წერილის თანახმად, «სააგენტოს თავმჯდომარის Nმ - 429 ბრძანების საფუძველზე შემოწმდა ქვედა ნამახვანი ჰესის პროექტის მიზნებისათვის მიმდინარე სამუშაოები და დაგინდა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი რიგის სამუშაოები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გაცემული ნებართვის ფარგლებში.

პროექტისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია მოუწოდებს ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, თემის გაშუქებისას გაითვალისწინოს საპროექტო კომპანია, როგორც მხარე და კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს მის პრეს-ცენტრს“, - ვკითხულობთ  კომპანიის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე კორპორაცია ENKA-ა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) ძირითადად ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა. 

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system