თავში

ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული დენი ქვეყანას ძვირი დაუჯდება

ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული დენი ქვეყანას ძვირი დაუჯდება
ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული დენი ქვეყანას ძვირი დაუჯდება

თბილისსა და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ვადა უცნობია. ენერგეტიკოსებს პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა დავით შირაქაძემ report.ge-ს განუცხადა, რომ გრძელდება პროცედურული სამუშაოები სხვადასხვა უწყებასთან და მშენებლობა მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. რეალურად რა პერიოდზეა საუბარი,  შირქაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

როგორც წესი, ქარის ელექტროსადგურები თბოელექტროსადგურების ალტერნატივად განიხილება, მაგრამ მაღალი ფასის გამო სპეციალისტები მის პერსპექტივას საეჭვოდ მიიჩნევენ. ამ ტიპის ენერგიას საქართველოს ელექტროსისტემა  წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქვეყნის მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია 6,89 ცენტად, რაც დაახლოებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

ენერგეტიკოსები არ გამორიცხავენ, ახალი პროექტის დაწყება გაჭიანურდეს. პარალელურ რეჟიმში, როგორც ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, აქცენტი მცირე ჰესების მშენებლობაზე უნდა გაკეთდეს.

,,ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა საინტერესო პროექტად განიხილება. ვიცი მხოლოდ ის, რომ თბილისსა და კასპთან მშენებლობის დაწყება გადავადდა. დეტალებში ბოლომდე არ ვარ გარკვეული, მაგრამ შემიძლია შევაფასო ის პროექტი, რომელიც უკვე მოქმედია. ამ თვალსაზრისით, გორის ელექტროსადგური კარგია, მაგრამ მისი ღირებულება ჩვეულებრივი მცირე ჰესის მშენებლობის ხარჯს აღემატება. უნდა ვცდილობდეთ შედარებით ხარისხიანი, მაგრამ იაფი პროექტების განხორციელებას. საუკეთესო გზა მცირე ჰესების მშენებლობაა, რისკენაც ენერგეტიკულ სექტორს სწორება უნდა ჰქონდეს", - განუცხადა ენერგეტიკოსმა report.ge-ს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის მხოლოდ ქართლის ქარის ელექტროსადგური ოპერირებს. მთავრობა 20 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის გასხვისებას განიხილავს. 

ქარის ელექტროსადგურების პროექტები საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალს“ ეკუთვნის. თბილისსა და კასპთან ახალი სადგურების მშენებლობა 2019 წლის პირველ ნახევარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, PPA პროექტებში საკანონმდებლო ბაზის ცვლილების გამო, მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, რამაც მშენებლობის დაწყების პროცესი გადაავადა.

ნახევარწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში 57 მეგავატის, კასპთან კი, 54 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების აშენება მოხდება. სადგურები ექსპლუატაციაში 2021 წლის მეორე ნახევარში შევა, ნაცვლად ნავარაუდევი 2020 წლის მეორე ნახევრისა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system