თავში

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციას 31 მილიონი ლარი მოხმარდება

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციას 31 მილიონი ლარი მოხმარდება
ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციას 31 მილიონი ლარი მოხმარდება

საქართველოში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, აღდგენა, გაშენება იგეგმება. ქარსაფრების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, საკანონმდებლო ორგანოში “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.

წინასწარი გათვლით, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ხარჯი დაახლოებით 31 მილიონ ლარს შეადგენს.

არსებული მონაცემებით, ქარსაფარი ზოლების 80%-ს ესაჭიროება ხელახლა გაშენება, ხოლო 20%-ს აღდგენა/რეაბილიტაცია.

2022 წლის 1-ელ მარტამდე გარემოს დაცვის სამინისტრომ ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს. 2025 წლის 1-ელ მარტამდე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, რომლის მიზანია იმ ტერიტორიების გამოვლენა, სადაც ქარსაფარი ზოლი სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. მუნიციპალიტეტმა ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების, მოვლის, დაცვისა და ზედამხედველობის მიზნით, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარი ზოლის ფართობზე არანაკლებ ერთი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს და სამინისტროს მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივ დონეზე კი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

კანონპროექტი, ქარსაფარი ზოლების დაზიანებაზე ადმინსტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აწესებს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით კი, სასჯელის სახედ შესაძლოა განისაზღვროს გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system