თავში

ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი გაიმართა

ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი გაიმართა
ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგი გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირველი თემატური ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ჰანს იოაჰიმ ფუხტელი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვებინარზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო 100-მდე მონაწილე, გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს სოფლის მეურნეობის სფეროში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და გერმანულ ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და გერმანიის რესპუბლიკის თანამშრომლობა ნათელი მაგალითია მეგობრული და ნაყოფიერი ურთიერთობის. საქართველოში გერმანული ბიზნესი წარმატებულია, რაც შესაძლოა დამატებითი სტიმული გახდეს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია. მოხარული ვიქნები, თუ მოგვეცემა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა საირიგაციო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის, სურსათის უსაფრთხოებისა და კონტროლის და ფერმერთა განათლების ამაღლების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიალოგის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის, ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ასევე, „იმერეთის აგროზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ინოვაციურობის საკითხზე და ინვესტორებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სოფლის მეურნეობის თემატიკაზე გამართულ ქართულ-გერმანულ ონლაინ ბიზნესდიალოგის ფორმატში საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და აგრობიზნესის სფეროში ინვესტირების და პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system