თავში

ქართული ხორბლის გაყიდვის პრობლემად ხარისხი დასახელდა

ქართული ხორბლის გაყიდვის პრობლემად ხარისხი დასახელდა
ქართული ხორბლის გაყიდვის პრობლემად ხარისხი დასახელდა

ფერმერების პრეტენზიას, რომ ქართული პროდუქტის რეალიზაციის მხარდაჭერა არ ხდება და ამის გამო პროდუქტი ლპება, საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა პასუხობს. როგორც ის report.ge-თან აღნიშნავს, შარშანდელი მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და სტანდარტის პირობებს ვერ პასუხობს, რის გამოც ასეთი პროდუქტი პურის წარმოებაში არ დაიშვება. სილაგავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უხარისო პროდუქტს ვერ მიიღებენ და თუკი ვინმეს ამასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, მისივე განცხადებით, ეს არ შეიძლება მეხორბლეთა ასოციაცია იყოს.

,,სამწუხაროდ, ქართული ხორბლის დიდი ნაწილი ხარისხის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ამის გამო ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ. არ შეიძლება, სხვა დაბრკოლება ჰქონდეთ.  ხარისხი თუ შესაბამისია, წისქვილკომბინატები სიამოვნებით ყიდულობენ ხორბალს. მოგეხსენებათ, რომ ერთია სასურსათო ხორბალი, მეორე -საფურაჟე. პირველი საჭიროა იმისთვის, რომ გადაიქცეს ფქვილად და პური გამოცხვეს, საფურაჟე კი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოიყენება. შესყიდვებისას ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს ღებულობენ ჩვეულებრივად, იხდიან საბაზრო ფასს. თუმცა, მთავარია, ხორბალმა, უცხოური იქნება თუ ადგილობრივი, სტანდარტი დააკმაყოფილოს. მეორე და მესამე ხარისხის სტანდარტს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, რომ წისქვილკომბინატებმა იყიდონ. ეს არის ჩვენი პასუხი. წიქვილკომბინატები არასასურსათო ხორბალს ფიზიკურად ვერ ჩაიბარებენ და მით უმეტეს, ადრესატები სავარაუდიოდ ჩვენ არ ვართ, პირიქით, გვინდა ხარისხიანი ხორბალი და თუ ქართული პროდუქტი იქნება ასეთი, რომელსაც შემოგვთავაზებენ, სიამოვნებით შევიძენთ", - აცხადებს ლევან სილაგავა.

ცნობისთვის,  report.ge-ს  დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, აგრარული დარგის სპეციალისტმა, ფერმერმა ბონდო ბორაშვილმა აცნობა, რომ ქართული ხორბალი მიზერულ თანხადაც არ იყიდება და ხალხს შარშანდელი მოსავალი საწყობებში ულპება. ბორაშვილის თქმით, შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერც ფერმერებმა და ვერც ქვეყანამ, ამისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system