თავში

ქართული სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია თბილისის ტექნოპარკის ლიფტში დამონტაჟდა

ქართული სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია
ქართული სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია თბილისის ტექნოპარკის ლიფტში დამონტაჟდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge სენსორული ღილაკების შექმნასა და წარმოებას იწყებს.

ცნობილია, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს საზოგადოებრივი დანიშნულების ხელითშეხებადი ღილაკები (ლიფტი, ბანკომატი, შუქნიშანი, შლაგბაუმი) წარმოადგენს. 

სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტი sensor.ge, რომლის მიზანია, სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება. 

სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება არსებული ღილაკების გვერდით, მათი სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან და ის შეასრულებს თავის ფუნქციას.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. მიღებული გრანტის ფარგლებში კომპანია 200 ღილაკს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს და სხვადასხვა ლოკაციაზე უფასოდ დაამონტაჟებს.

ღილაკების რეალიზაციისთვის sensor.ge-ს პროექტის მთავარი პარტნიორები იქნებიან ლიფტების მომსახურე და მწარმოებელი კომპანიები. 

პროექტი ითვალისწინებს ტესტირების რეჟიმის სრულად დასრულებას ერთი მოდიფიკაციის ღილაკზე და პირველადი რაოდენობის სერიულ წარმოებას. 

sensor.ge გათვლილია ყველა მოქალაქეზე, რომელიც იყენებს ლიფტს ან ბანკომატის ღილაკებს, ასევე ბანკების საჭიროებებზე, სამშენებლო კომპანიებსა და ლიფტების მწარმოებელ კომპანიებზე. 

შექმნილი რაოდენობის პროდუქტის შეთავაზება მოხდება პირველადი საჭიროების მქონე დაწესებულებებისათვის: საავადმყოფოები და სახელმწიფო ორგანიზაციები, პირველადი რაოდენობის რეალიზაციის შემდგომ კი - საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებისთვის - სადარბაზოებში არსებული ლიფტების სენსორის რეჟიმზე გადასაყვანად. 

კომპანიის განვითარების შემდეგი ეტაპი ლიფტის ღილაკების რეალიზაციაა იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ მშენებარე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები. 

ცნობისთვის, კომპანიის წარმომადგენლებს დღეს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოსცადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system