თავში

"ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიანობა მაღალია"

"ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიანობა მაღალია"
ქართული სტარტაპების კონკურენტუნარიანობა მაღალია

"ძალიან შთამბეჭდავი წარმატებაა. ვულოცავ, როგორც ჩვენს ახალგაზრდებს - „პულსარის“ დამფუძნებლებს, ასევე ამერიკულ კომპანია SpinCar-ს, ვინც შეიძინა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ჩვენი ადგილობრივი სტარტაპი," - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.

„ჩვენთვის ორმაგად საამაყოა, იმიტომ, რომ სტარტაპი „პულსარი“ არის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარი 2018-2019 წლებში. ჩვენ ვეხმარებოდით მათ, ისევე, როგორც ათობით სხვა ადგილობრივ ქართულ სტარტაპს ზრდასა და განვითარებაში. ზოგადად, ჩვენი პოლიტიკაა სტარტაპ ეკოსისტემის შექმნა საქართველოში, გაძლიერება და ეს კონკრეტული გარიგება, რაც ამერიკის ბაზარზე შედგა, „სილიკონ ველიზე“, არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი ადგილობრივი ქართული სტარტაპები არიან ძალიან კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახლა უკვე 10 წლიანი გეგმის ფარგლებში გავაძლიეროთ მათთან გვერდში დგომის სტრატეგია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შპს "პულსარი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.

გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა, კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი შეიძინა. ქართული მაღალტექნოლოგიური სტარტაპი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად გავიდა. გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტექნპროდუქტი "სპინქარის“ პლატფორმაზე ინტეგრირდება. SpinCar-ი საქართველოში Pulsar AI-ის სტარტაპის საქმიანობის ხელშესაწყობად ინვესტირებას გააგრძელებს. 

როგორ გავიდა ქართული სტარტაპი მსოფლიო ბაზარზე, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system