თავში

ქართველ მეხორბლეებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ

ქართველ მეხორბლეებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ
ქართველ მეხორბლეებს რეალიზაციის პრობლემა აქვთ

იმ ფონზე, როცა საქართველოში ხორბლის წარმოების ზრდაზე აქცენტები კეთდება, მეხორბლეები რეალიზაციის სერიოზულ პრობლემაზე საუბრობენ. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, აგრარული დარგის სპეციალისტმა, ფერმერმა ბონდო ბორაშვილმა report.ge-ს აცნობა, ქართული ხორბალი მიზერულ თანხადაც არ იყიდება და ხალხს შარშანდელი მოსავალი საწყობებში ულპება. ბორაშვილი საუბრობს იმაზეც, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერც ფერმერებმა და ვერც ქვეყანამ, ამისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს. 

,,დიდი რაოდენობით ხორბალი გაუყიდავი დარჩა. ამ დროს 60 ათასი ტონა მარტო სიღნაღის რაიონში მოვიწიეთ. ნათესი ფართობების მოცულობაც მატულობს, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ექნება, თუ ხალხი მოსავალს ვერ გაყიდის. ამ მომენტში ფერმერებს შარშანდელი ხორბლის მოსავალი საწყობებში ულპება. მოთხოვნა არ არის, ვერ ყიდიან მიზერულ ფასადაც. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. იმპორტი შემოდის, თანაც ისეთ ფასად და განბაჟების ისეთი პირობით, რომ ადგილობრივი პროდუქტი არ იყიდება. საცოდავი ფერმერები ტირილამდე არიან მისული, ძალიან  მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ", - ამბობს ბორაშვილი და დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ მთავრობა დარგის სუბსიდირებას მოახდენს, რაც ფერმერებისთვის დიდი სტიმული გახდება.

,,სუბსიდია არასოდეს ყოფილა ხორბალზე, ერთხელ მაინც დაუშვან და ნახავთ, რა ამბავიც იქნება, არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩება მოუხნავი და დაუმუშავებელი. როცა ვამბობთ, რომ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით პრობლემაა, ფერმერები საკუთარ მოსავალს ვერ ვყიდით და ამაზე არავინ რეაგირებას არ ახდენს. რაც გვაქვს, იმასაც ვერ ვუვლით. ვინმე თუ ფიქრობს, ფასს ელოდებიანო, არც ასეა საქმე. ამ ეტაპზე 1 კგ. ხორბალი 80 თეთრი ღირს, იხვეწებიან და არავინ არ არის, რომ იყიდოს. შარშან, მოსავლის აღების დროს 60 თეთრი ღირდა, მერე 90 თეთრამდე ავიდა , მაგრამ ფასმა ისევ კლება დაიწყო. ახლა 80 თეთრადაც არავის სურს ყიდვა", -  აცხადებს ბონდო ბორაშვილი report.ge-თან.

ხორბლის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი, რომლის თქმითაც, განსაკუთრებული აქცენტი ხორბლის მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს და დარგს შესაბამისი დახმარება გაეწიოს, რის გარეშეც ქვეყნის მოსახლეობა, შეიძლების, შიმშილის საფრთხის წინაშე დადგეს.

,,ხორბლის რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემა ჩემთვის უცნობია. ერთი შეხედვით, მთავრობამ ყურადღება მიაქცია, მაგრამ გაწეული ღონისძიებები მაინც არ არის საკმარისი. მით უმეტეს, ხორბლის მარაგი რუსეთიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. თავიანთი სამყოფიიც არ ექნებათ, კორონავირუსის გამო რუსეთს და ევროპულ ქვეყნებსაც უჭირთ, ყველგან კრიზისია.  წარმოებას უნდა მივხედოთ და სოფლის მეურნეობა 2-3 წელიწადში ფეხზე დადგება. წელს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხორბალი უფრო მეტი დაითესოს. სასურსათო უსაფრთხოების 2 მაჩვენებელია და ორივე მარცვალთან არის დაკავშირებული. ხელგაწვდილ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ, არამედ თავად ვაწარმოოთ მარცვალეული. როგორც მინიმუმ, ხორბლის მარაგის 60% ადგილობრივ წარმოებას უნდა ეკავოს, მაგრამ ამას ვერაფრით მივაღწიეთ", - აცხადებს ანზორ მესხიშვილი report.ge-თან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მემცენარეობის 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2020 წელს ხორბლის წარმოებამ 101.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 13.8 პროცენტით შემცირდა და 46.1 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 263.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 27.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება რეალიზაციას. როგორც report.ge ცოტა ხნის წინ წერდა, ანალოგიური პრობლემაა კარტოფილის წარმოებაშიც. ახალციხელი ფერმერის ინფორმაციით, შარშანდელი მოსავლის ნახევარი გაუყიდავი დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system