თავში

ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე ვეღარ მიდიან

ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე ვეღარ მიდიან
ქართველები თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე ვეღარ მიდიან

პრემიერის დაპირება, რომ გახსნილიყო სარფის საზღვარი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც თურქეთში მუშაობის უფლება მიენიჭათ, ჯერ ვერ შესრულდა. ნებართვის გაცემის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას ვერ ახერხებს. როგორც აჭარაში მცხოვრები ექსპერტი პაატა აროშიძე report.ge-თან აცხადებს, ყოველი 10 მსურველიდან 8 მოწვევას ვერ იღებს. ამის მიზეზი, მისი თქმით, ნებართვასთან დაკავშირებული პირობებია, რის დაკმაყოფილებაც, პირველ რიგში, თურქი ფერმერების ინტერესში არ შედის.

,,ცენტრალურ მთავრობასა და აჭარის ა/რ მთავრობის შეთანხმებით, დროებით სამუშაოებზე წასული მოქალაქეებისთვის აუცილებელია მოწვევა, რითაც დასაბუთდება, რომ პირი რეალურად დასაქმების მიზნით მიდის თურქეთში. მას მოეთხოვება დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანა, კერძოდ, ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, რაც ეპიდემიური სიტუაციის გამო აუცილებელია. სეზონურ სამუშაოებზე ხალხი ჯერ მიდიოდა თურქეთში და მერე ეძებდა სამუშაოს ანუ პირობები შეიცვალა. ჯგუფურად მიდიოდა ხალხი, ახლა ინდივიდუალურად უნდა გაემგზავრონ. შესაძლებელია, ამას ბევრი ვერ წარმოადგენს. ეს არის მთავარი დაბრკოლება“, - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ იაფ მუშახელზე თურქეთში დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ამ სიტუაციაში მოწვევის მიღება მთავარი დაბრკოლებაა.

,,დოკუმენტის გარეშე ვერავინ წავა. ყოველი 10-დან 8 ვერ მიდის. მეორე მხარეცაა, თურქი ფერმერი 10 კაცზე მოწვევას ვერ გამოაგზავნის. ისინი ჩვენს მოქალაქეებს არალეგალურად ასაქმებდნენ, არ ხდებოდა აღრიცხვა, ამით ჩრდილოვან ეკონომიკას უწყობდნენ ხელს, დღეს ამას ვერ ახერხებენ. ამიტომ თურქების ინტერესში არ შედის, რომ ამდენი სამუშაო ძალა მოიწვიონ. გამოდის, რომ თურქებს მოსაწვევთან დაკავშირებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ძირითადად მაინც ქართველები იჩაგრებიან", - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი ინფორმაციით, სეზონური სამუშაოს მაძიებლებისთვის ალტერნატივა არის შეთავაზებული. კერძოდ, რეგიონებში მცხოვრებლები სეზონურ სამუშაოებზე დაასაქმეს ქართლსა და კახეთში თითქმის ანალოგიური პირობებით, რაც თურქეთში იყო და ამით კომპენსაცია მოახდინეს.

ცნობისთვის, 27 ივლისს მთავრობის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლის ცნობის საფუძველზე შეძლებენ. ცნობა სამთვიანი უნდა იყოს და ის თურქეთში დამსაქმებლის მიერ უნდა იყოს გაცემული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system