თავში

ევროკავშირის დახმარებით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ევროკავშირის დახმარებით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოშ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.  მათივე განმარტებით, FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სასწავლო შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ნიადაგის მომზადებით და სათესლე მასალის შერჩევით დაწყებული, ირიგაციით, მოსავლის აღება-შენახვითა და ბაზრამდე ტრანსპორტირებით დამთავრებული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ პროცესებს დაკვირვებოდნენ და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ 40-ზე მეტ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებშიც წარმატებით დანერგეს.

კახეთში ტრენინგების სპეციალური სერია ჩატარდა თხილის მწარმოებლებისთვის. 263-მა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის შემდგომი დამუშავების და სხვადასხვა ასაკის ხეების გასხვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში - კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში - ტრენინგები კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას შეეხო. განხილულ თემებს შორის იყო წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის მინამალური და ნულოვანი დამუშავება, მულჩირება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

“სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევრის შემოსავლები და კეთილდღეობა, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. პანდემიამ კი ეს სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ. ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო ნაკვეთებს ვქმნით და ექსტენციის უფრო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ. შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. ახალ ცოდნას და ტექნოლოგიებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, რაც პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ჟორჟ დეუ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.

„ქართველ ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობიდან მეტი შემოსავლის მიღება. ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ნაკლები დანახარჯით უკეთესი მოსავალის მიღებაში ეხმარებიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ - აცხადებს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.

სწავლების პროცესი არც პანდემიის პირობებში შეჩერებულა, FAO-მ და ევროკავშირმა აქტიურად გააგრძელეს ტრენინგების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით.

შეგახსენებთ, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის დახმარებით. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system