თავში

საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები საქართველოში 140 მლნ დოლარს რიცხავენ

ქართველი მეზღვაურები საქართველოში 140 მლნ დოლარს რიცხავენ
საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები საქართველოში 140 მლნ დოლარს რიცხავენ

"ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები, ქვეყნის ბიუჯეტში, საერთოდ საქართველოში რიცხავენ დაახლოებით 140 მლნ დოლარს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხაზს უსვამს ამ სფეროს მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკაში.

"ძალზედ სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები, ქვეყნის ბიუჯეტში, საერთოდ საქართველოში რიცხავენ დაახლოებით 140 მლნ დოლარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკა იქნება სრულიად სხვა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ეფექტური და ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და საქართველოს შესაძლებლობა. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე," - განაცხადა პრემიერმა გახარიამ და ყურადღება გაამახვილა საზღვაო სექტორის მნიშვნელობას საქართველოსთვის. 

გახარიამ შავიზღვისპირეთის განვითარება მთავრობის პრიორიტეტად გამოაცხადა.

"სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გადათარგმნა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის რეალურ შემოსავლებში. სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური პლატფორმის, ლოგისტიკური ჰაბის განვითარება და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფოთმა, ფოთის პორტმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა შეიტანონ ამ საქმეში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ფოთში საზღვაო სასწავლებლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სხვა ოფიციალური პირები.

სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას მოემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორიამოეწყო. სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდება. ცენტრს დღეს უკვე ჰყავს 21 თანამშრომელი.

ცნობისთვის, საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლიდან მიიღებს სტუდენტებს, მიმდინარე წელს კი, მსურველები შეძლებენ მოკლევადიან სასწავლო კურსების გავლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system