თავში

ქათმის ხორცი შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს

ქათმის ხორცი შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს
ქათმის ხორცი შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს

ქათმის ხორცზე ამოქმედებულმა ტექნიკურმა რეგლამენტმა შესაძლოა ფრინველის ხორცი 20%-ით გააძვიროს. რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოში გაყინული ქათმის რეალიზაციას ახალი სტანდარტით მოხდება. პროდუქტი, რომელშიც წყლის შემცველობა 5%-ს აღემატება ბაზარზე ვეღარ განთავსდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ევროდირექტივაა, რომლის დანერგვით უფრო დაცული ხდება მომხმარებელი. უწყების განმარტებით, ფრინველის ხორცში 5%-იანი წყლის შემცველობა დასაშვები იქნება მხოლოდ 20205 წლამდე, 2025 წლიდან კი სავალდებულო გახდება საერთაშორისო სტანდარტის დაცვა, რომლის მიხედვით, ფრინველის ხორცში წყლის დასაშვები ნორმა კიდევ უფრ შემცირდება და 0%-დან 3.5%-ს გაუტოლდება.

ფრინველის ხორცის რეგლამენტის ამოქმედება არ მოსწონს იმპორტიორ გიგლა ნათენაძეს, რომელსაც 10 წელია საქართველოში უკრაინიდან და რუსეთიდან დაკლული გაყინული ქათმის იმპორტი შემოაქვს. მისი თქმით, საქართველო ზედმეტად პატარა ეკონომიკა და პატარა ბაზარია იმისთვის, რომ ასეთი შეზღუდვით მიღებული ფინანსური თუ ეკონომიკური დარტყმა გადაიტანოს. მისივე თქმით, მომხმარებელი მოგების ნაცვლად, უფრო მეტად დაზარალდება, რადგან პროდუქტი გაუძვირდება.

"ეს, რა თქმა უნდა, გააძვირებს პროდუქტს. უკრაინაში დაშვებულია ხორცში წყლის შემცევლობა 7%-მდე. ასევეა რუსეთშიც. გამოდის, რომ მე ამ ქვეყნებიდან ვეღარ შემოვიტან პროდუქტს, გაჩერდება ჩემსავით რამდენიმე მსხვილი იმპორტიორიც. ეს ბაზარზე შექმნის ქათმის ხორცის დეფიციტს, რადგან ისევე, როგორც ყველა სექტორი, მეფრინველეობაც თვითკმარი არაა. ქართველი მეფრინველეები ვერ აწარმოებენ იმდენ ხორცს, რამდენსაც ქვეყანა მოიხმარს. მაღალი მოთხოვნის და დაბალი მიწოდების ცოტა შემთხვევაში, მოგეხსენებათ, ფასი იმატებს. სხვა ქვეყნის იმპორტის გააქტიურების შემთხვევაში, ხარჯი გაიზრდება, რასაც იმპორტიორები სარეალიზაციო ფასზე ასახავენ, ასე რომ, ჩემი ვარაუდით ქათმის ხორცი 15-20%-ით გაძვირდება," - განმარტავს იმპორტიორი.

იმპორტიორებისაგან განსხვავებით, ფრინველის ხორცში წყლის რაოდენობის განსაზღვრა და სტარდარტიზება ადგილობრივ მეწარმეებს მოსწონთ. მათი თქმით ეს ადგილობრივ წარმოებას იმპორტთან კონკურენციაში დაეხმარება, რადგან, როგორც ქართველი მწარმოებლები ამბობენ, წყლით ფრინველის ხორცის წონის გაზრდის ხერხს იმპორტიორები იმიტომაც მიმართავდნენ, რომ შედარებით იაფად შესთავაზონ ის მომხმარებელს.

"დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა კი ამ სატყუარით ყოველთვის ტყუვდება. სახლში ტაფაზე დადებული ქათამი რომ ნახევრდება, კი ხვდება, რაშიცაა საქმე, მაგრამ იაფი ღირს და მაინც ყიდულობს. არაკეთილსინდისიერი იმპორტით ვზარალდებით ადგილობრივი მეფრინველეებიც და მომხმარებლებიც.სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო. სითხე შეჰყავთ ქათამში, და წონას 30%-ით ზრდიან. წარმოიდგინეთ რამხელა შესაძლებლობა აქვთ, ფასი დაწიოს. ასე რომ ეს რეგლამენტი ძალიან კარგია, თუმცა რამდენად აღსრულდება ის და რამდენად სრულყოფილად განხორციელდება ზედამხედველობა, ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. ჩემი აზრით, ეს საზღვარზე უნდა კონტროლდებოდეს. უკვე სარეალიზაციო დახლზე განთავსებული პროდუქტის კონტროლი ბევრად ძნელია და სურსათის უვნებლობის სააგენტოს არ აქვს ამის რესურსი," - განუმარტა report.ge-ს ქათმის ფერმის მფლობელმა ზვიად ჭუბაბრიამ და დარგში არსებულ სხვა პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.

"მეფრინველეობის სექტორის დღგ-საგან გათავისუფლებას დიდი ხანია უშედეგოდ ვითხოვთ, უშედეგოა ასევე იმპორტირებულ კვერცხზე ლოტების დაწესების მოთხოვნაც. არადა, ყველა ცივილიზებულ სამყაროში ბიოლოგიურ პროდუქტებზე კვოტები მოქმედებს, საქართველო რატომღაც თავს იკავებს. კვერცხი არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. გვაქვს ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობაც, მაგრამ ამისთვის სახელმწიფო გვერდით უნდა დაგვიდგეს," - გვითხრა ჭუბაბრიამ და დასძინა, რომ დღეს საქართველოში მეფრინველეობის დარგის საშუალო წლიური წარმადობა 70 ათას ტონას აღწევს.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 65 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ფრინველის ხორცი შეიძინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system