თავში

ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს
ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

მეფრინველეები უკვე დიდი ხანია ჩივიან იმაზე, რომ დარგს დღგ-ს გადასახადი მძიმე ტვირთად აწევს. მიუხედავად პრობლემებისა, მეფრინველეები იმპორტის დემპინგურ ფასებთან გამკლავებას ახერხებენ, თუმცა ფერმერები Report.ge - სთან საუბრისას ამბობენ, რომ სახელმწიფოსაგან მეტი ხელშეწყობის პირობებში პროდუქტის ექსპორტზე გატანაც რეალურია. თუმცა, მეწარმეების თქმით, ექსპორტზე ფიქრის ნაცვლად მათ უამრავი ბიუროკრატიული ბარიერისა და მაღალი გადასახადების გამო, მოპოვებული ნიშის შენარჩუნებისთვის უწევთ ბრძოლა. მათივე თქმით, მეფრინველეობა დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია. მეფრინველეობა - ქათამი და კვერცხი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმ უმცირესობაშია, რომლებიც ამ დრომდე იბეგრება.

კომპანია "მუხრანის" ხელმძღვანელი მამუკა ნოზაძე Report.ge - სთან იმ საწარმოო სირთულეებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივი ფერმერების წინაშე დგას. მისი თქმით, თუ ბიზნესის ხელშეწყობა არ მოხდა, მალე საქართველოში მეფრინველეობა საბოლოოდ განადგურდება.

„ვითარება იმდენად რთულია, რომ ადგილობრივი წარმოებები ყოველდღე ჩერდებიან. ამის მიზეზია ლარის გაუფასურება და ძვირი ნედლეული, რომლესაც ვერ ვყიდულობთ. მეც ალბათ, უახლოეს მომავალში გავჩერდები. რასაც ადრე ვაწარმოებდი, იმის ნახევარზეც ვეღარ ავდივარ. სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-სგან, მარტო ქათამი და კვერცხი იბეგრება. ამდენი ხანია მთავრობას ვეხვეწებით, ჩვენც გაგვათავისუფლონ გადასახადისგან, რომ როგორმე თავი გადავირჩინოთ. როგორც ჩანს, ჩვენთვის არ სცალიათ და შედეგად, საქართველოში მეფრინველეობის დარგი ნელ-ნელა ნადგურდება, იმპორტი კი იზრდება. ლარს ვერ ასტაბილურებენ და თუ დღგ-ს არ მოგვიხსნიან, პირწმინდად ყველა გავჩერდებით. დღგ-ს გადასახადის გადახდა მეფრინველეების გარდა, არცერთ სხვა მწარმოებელს არ უწევს. ესაა ყოველწლიურად ბიზნესიდან ამოღებული 40 ათასი მილიონი ლარი,რომლის რეინვესტირების შემთხვევაში გაიზრდებოდა ქათმისა და კვერცხის ადგილობრივი წარმოება,გაჩნდება სამუშაო ადგილებიც." - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

დღგ-ს გადასახადის გარდა, მეფრინველეების კიდევ ერთი მუხრუჭი ნაკლებად კონტროლირებადი და შეუზღუდავი იმპორტია. კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი Report.ge-ს უყვება, რომ მომიჯნავე დარგების დაბალი წარმადობის გამო, ფრინველის გამოსაკვებად ფერმერები იმპორტირებულ პროდუქტს ყიდულობენ, რაც ზრდის მისი შენახვის ხარჯს და შესაბამისად კვერცხის თვითღირებულებასაც. ამიტომ დარგი დღეს უმკლავდება იმპორტს თუმცა დაცულად თავს ვერ გრძნობს. ჭუჭულაშვილის თქმით, კვერცხის იმპორტზე მინიმალური შეზღუდვები მოქმედებს,თუმცა სპეციალისტების თქმით იმპორტი მაინც ბევრად მომგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე ადგილობრივი წარმობა.

"რადგან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აქვს დეკლარირებული, სახელმწიფო იმპორტის კონტროლისას თამამ ნაბიჯებს ერიდება. ამით კი ზარალდება ადგილობრივი წარმოება. ხშირია დემპინგური შემთხვევები. დღესასწაულებისას, განსაკუთრებით წინასააღდგომოდ, როგორც წესი, კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებს უჩნდებათ მეტი შემოსავლის მიღების იმედი, თუმცა ანტიდემპინგური კანონის არარსებობის გამო თურქული კვერცხი დემპინგური ფასით მომხმარებლის წართმევას ახერხებს. თუ იმპორტს მინიმალურად მაინც შეზღუდავენ და დღგ-ს გადასახადს მოგვიხსნიან დარგი რეკორდული სისწრაფით განვითარდება, ბიუჯეტშიც შენატანს გაზრდის და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს," - განუცხადა Report.ge-ს ზურაბ ჭუჭულაშვილმა.

მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლები სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნების მსგავსი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ, რაც გულისხმობს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტის იმპორტირებული ანალოგების შეზღუდვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system