თავში

ქედაში საოჯახო სასტუმროებისა და ტურიზმის მასშტაბი იზრდება

ქედაში საოჯახო სასტუმროებისა და ტურიზმის მასშტაბი იზრდება
ქედაში საოჯახო სასტუმროებისა და ტურიზმის მასშტაბი იზრდება

ევროკავშირმა სოფლის განვითარების ჯგუფები (LAG) 12 მუნიციპალიტეტში შექმნა.

2006 წელს ქედას მუნიციპალიტეტში ჩხავერის ჯიშის ყურძნის აღორძინების პროგრამა დაიწყო და მამა-შვილმა, ნოდარ და ალეკო შერვაშიძეებმა, გადაწყვიტეს 1,05 ჰექტარ მიწაზე 3 200 ძირამდე ვაზი გაეშენებინათ, მათ შორის: ცოლიკოური, ოჯალეში, დირბულა და 24 დასახელების საკოლექციო ჯიშის ყურძენი.

მას შემდეგ საოჯახო ბიზნესი ევროკავშირის დახმარებით იზრდება. მათ თავდაპირველად 2-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო ჰქონდათ. მაღალი მოთხოვნის გამო ოჯახმა კოტეჯები ჩადგმა გადაწყვიტა.  ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტ „ქედა ლიდერში“ ჩართვის შემდეგ გადაწყდა ვენახის ზვარში აშენებულიყო ოთხი კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელთა აივნებიდან საოცარი ბუნება იშლება. სწორედ „ქედა ლიდერის“ მიერ გაცემული გრანტით აშენდა შერვაშიძეების მამულში კოტეჯები – ხის კონსტრუქცია, რომელიც სიძველის ეფექტს ჰქმნის კეთილმოწყობილია – ნალიის ტიპის კოტეჯები უზრუნველყოფილია ყველა იმ პირობით, რომელსაც მაღალი ტიპის სასტუმროები გვთავაზობენ.

ორგანიზაციის ცნობით, 4 კოტეჯი დამზადდა ტრადიციული ძველი ნალიისაგან, ხოლო შიდა ინტერიერი მოეწყო ტურისტებისთვის მისაღებ სივრცედ, სადაც ჯამში 12 სტუმარსშეუძლია ღამისთევის სერვისით სარგებლობა. 

შერვაშიძეებმა "ლაგის" დახმარებით მშენებლობა დეკემბერში დაიწყეს და ზაფხულში დაასრულეს. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ვენახში მოეწყო ზიპლაინი. ისტორიისა და ბუნების მოყვარულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ეძლევათ მოინახულონ X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლები: საღორეთისა და ცივასულას ციხეები, მიწის ხიდი, ნეოლითური ხანის გამოქვაბული და რა თქმა უნდა, ქედის ველური ბუნება.

შერვაშიძეების საოჯახო ბიზნესის ეფექტურ განვითარებაში დიდი როლი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „ქედა ლიდერი“ და მის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ქედის LAG-ი ერთ-ერთია საქართველოში არსებულ თორმეტი LAG-დან. საერთო ჯამში, საქართველოში ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა დააფინანსეს სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყოველდღიურ საქმიანობებში. LAG მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობასა და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. „ქედა ლიდერი“ აერთიანებს ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე კი განსაზღვრავს სოფლის განვითარების პრიორიტეტებს, ასევე შეიმუშავებს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system