თავში

კერძო მეწარმეები პოზიციებს ონლაინ-გაყიდვებით ინარჩუნებენ

კერძო მეწარმეები პოზიციებს ონლაინ-გაყიდვებით ინარჩუნებენ
კერძო მეწარმეები პოზიციებს ონლაინ-გაყიდვებით ინარჩუნებენ

ეპიდემიურ  პერიოდში მცირე მეწარმეების ერთადერთი ხსნა ონლაინ გაყიდვებია. იმ ფონზე, როცა ეკონომიკა მეტწილად ჩაკეტილი იყო თითქმის წელიწადის განმავლობაში და არანაირი აქტიურობა არ ხდებოდა, მცირე მეწარმეებმა მომხმარებლების მოზიდვა სოციალური ქსელების საშუალებით სცადეს და ამან მეტწილად გაამართლა კიდეც. კომპანია Prenitis-ს დამფუძნებელი, დიზაინერი ნანა გრიგოლავა report.ge-თან ამბობს, რომ  მაღალი ხარჯის მიუხედავად, ონლაინ გაყიდვები დაეხმარა, რომ მისი ახლადშექმნილი ბრენდის ცნობადობა გაზრდილიყო და მოეზიდა მომხმარებელი, როცა ეპიდემიურ სიტუაციაში გაყიდვების ალტერნატიული შესაძლებლობა ფაქტობრივად არ ჰქონდა.

,,ძალიან რთულია ადგილის დამკვიდრება, როცა არც გამოფენებია და არც საკუთარი რეალური სავაჭრო სივრცე, სადაც ნამუშევრების გაყიდვა შესაძლებელია. ერთადერთი ხსნა ონლაინ გაყიდვები იყო, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. მეტმა ადამიანმა შეიტყო ჩემი საქმიანობის შესახებ, ბრენდ Prenitis-ის ცნობადობა გაიზარდა და რეალიზაციაც შეძლებისდაგვარად ხერხდება. თუმცა მცირე მეწარმეებისთვის ონლაინ პლატფორმაზე საქმიანობა არც ისე იოლია საკმაოდ მაღალი ხარჯის გამო. თავიდან მხოლოდ პოზიციების შესანარჩუნებლად მიწევდა რესურსის დახარჯვა, რომ მომხმარებელთა წრე გამეფართოვებინა. ამით საკმაოდ კარგი შედეგი დაიდო, ამ ეტაპზეც ვმუშაობთ ონლაინ, ვყიდით თითქმის ყველა დასახელების სამკაულს, სხვადასხვა აქსესუარს, რაც ნებისმიერი ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი, ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს და ქვებს, რაზეც მოთხოვნა მანდილოსნების მხრიდან თითქმის ყველა პერიოდში შეიმჩნევა. გარდა ამისა, გავაფართოვეთ წარმოების ხაზი და მუდმივად შეგვაქვს სიახლეები. მთავარია, სერვისი სწორად გაიგო, ტექნიკური მხარეები შეისწავლო, რა მხრივაც თავდაპირველად დაბრკოლებას ვაწყდებოდით, შესაბამისად, მეტი იხარჯებოდა, მაგრამ ახლა ნელ-ბნელა სიტუაცია ლაგდება. მართალია, მოგებაზე საუბარი ჯერ ადრეა, სამაგიეროდ, პოზიციების შენარჩუნებას და მომხმარებელთა წრის გაფართოებას ვახერხებთ, რაშიც სოციალური ქსელი ძალიან გვეხმარება", - ამბობს დიზაინერი ნანა გრიგოლავა report.ge-თან.

თუმცა, დღესდღეობით მცირე მეწარმეობის უმეტესობა ამ შესაძლებლობასაც მოკლებულია. როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი გოგა ციცქიშვილი ამბობს, იმდენად ბევრი და მასშტაბური პრობლემაა, რომ უკვე კავშირის ფუნქციონირებასაც კი შეექმნა საფრთხე და იძულებული არიან, შეაჩერონ საქმიანობა.

,,მთელი მცირე ბიზნესი ონლაინ გაყიდვებზეა გადასული, თავი ძლივს გააქვთ. ფაქტობრივად, ბევრი ახლა სწავლობს ონლაინ გაყიდვებს, იურიდიული პირებიც არ იყვნენ, შესაბამისად, ტექნიკურ საშუალებებზე არც წვდომა ჰქონდათ და არც განათლება. რაღაცეებში ხელი შევუწყვეთ, ჩვენი ბევრი მეწარმეა, რომელმაც აითვისა პროდუქცია, ასევე კვების მიმართულებით, რაღაც შედეგი დადეს, მაგრამ არ არის საკმარისი, რომ იარსებონ და საკუთარი საქმიანობა განავითარონ. მთავარია საგამოფენო სივრცეები გაიხსნას. ჯერჯერობით სავაჭრო ცენტრებიც იკავებენ თავს. მნიშვნელოვანია, გარე პერიმეტრებზე მაინც თუ დაგვრთონ გამოფენის მოწყობის ნება, რაც მეწარმეებვისთვის დიდი შვება იქნება", - ამბობს report.ge-თან გოგა ციცქიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system