თავში

კერძო სექტორს ელექტროენერგია გაუძვირდა

კერძო სექტორს ელექტროენერგია გაუძვირდა
კერძო სექტორს ელექტროენერგია გაუძვირდა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იურისტის დავით ებრალიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქარხანამ ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე, დისტრიბუტორების გარეშე დაიწყო, ენერგორესურსის ხარჯი 30%–ით გაიზარდა. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვა გაიმართა.
"როცა საწარმოების ნაწილი ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებად გადავიდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ამ საწარმოების ტარიფს ძალიან კრიტიკულად მოამატებს. თქვენი და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორების მხრიდან კი ნათქვამი იყო, რომ ასეთი რამ არ მოხდება და დღეს რეალობა გავქვს, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ეს პრაქტიკა შემოსულია და 30%–ზე მეტად მოიმატა ამ საწარმოების ტარიფმა და ზოგიერთი საწარმო გაჩერების პირასაა", – განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში ნაწარმოები ელექტროენერგიის შეძენა ადგილობრივ საწარმოებს იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე გენერაციის ობიექტები საექსპორტოდ ყიდიან, რადგან ექსპორტი დღგ–ით არ იბეგრება.
პასუხად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, განაცხადა, რომ მთავრობა მსგავს კომპანიებს, რომლებიც ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ, ზამთრის პერიოდში გარკვეულ შეღავათებს შესთავაზებს.

"მას შემდეგ, რაც კომპანიები გავიდნენ ბაზარზე, გარკვეულწილად მოხდა ფასების ზრდა.ზუსტად ამიტომ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი, რომ ეს ზამთარი და მთელი მომავალი წელი, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ეს ზრდა ამ კომპანიებისთვის იყოს გონივრულობის ფარგლებში. თქვენს ხელმძღვანელობასთან იყო გავლილი ეს თემები, იყო შეთანხმებები, რომ გარკვეული შეღავათები იქნება თბოსადგურის ფასების მიმართულებით, ანუ უფრო იაფად მიეწოდება ამ კომპანიებს გარკვეულ თვეებში ელექტროენერგია. ასევე, გაზის ფასთან დაკავშირებითაც იყო შეღავათები," – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ამ დროისთვის ასეთი სულ 16 კომპანიაა, რომლებიც ელექტროენერგიას დისტრიბუტორების – "თელასის" და "ენერგო–პრო ჯორჯიას" გარეშე შეიძენენ. თითოეული კომპანიის მიერ ელექტროენერგიის თვიური მოხმარება 5 მლნ კვტ.სთ–ს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system