თავში

კლიმატური ცვლილების გავლენა საქართველოზე

კლიმატური ცვლილების გავლენა საქართველოზე
კლიმატური ცვლილების გავლენა საქართველოზე

კლიმატური ცვლილების გავლენას საქართველო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ებრძვის. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, წლების განმავლობაში ინერგებოდა კლიმატგონივრული მეთოდები, რამაც კლიმატური ცვლილების მავნე გავლენა შეამცირა, თუმცა პრობლემა დღესაც მასშტაბურია და აქტიურ ღონისძიებებს მოითხოვს.

,,საქართველოში რეალურად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს კლიმატური ცვლილების გამო, ვინაიდან მყინვარები, რომელიც კვებავს მთელ ჩვენს სისტემას, უკვე დნება და მდინარეები ზემოთ იწევენ. ამან გამოაცოცხლა მილიონი წლობით გაყინული მიკრობები, შესაბამისად, ადამიანებს სხვა, უფრო თბილ კლიმატში უწევთ ცხოვრება. ორგანიზმი ამისთვის ჯერ არ არის მზად. გარდა ამისა, გლობალური დათბობა რეალურად იწვევს სეტყვის სიძლიერეს და ინტენსივობას, რადგან აორთქლება მეტია. ისედაც გაუდაბნოების ზონაში მყოფ რეგიონებში მოსავლის მოყვანის პირობები უარესდება. ჩვეულებრივი მეთოდებით მორწყვის შემთხვევაში იხარჯება 1200-დან 1300 მ/კუბ წყალი, ხოლო რწყვები დიდწილად ხდება არასწორად, რითაც გამოწვეულია წყლის დეფიციტი საქართველოში. ამიტომ აუცილებელია წვეთოვან სისტემაზე გადასვლა. წვეთოვანი მორწყვა არის კლიმატგონივრული მეთოდოლოგია, ასევე ქარის და წყლის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას, მოუხნავად თესვა, წყალსაცავები და სხვა, რაც გვაბრუნებს ძველი კლიმატისკენ და ამცირებს  უარყოფით გავლენას გაუდაბნოებასთან დაკავშირებითაც, "-   განმარტავს მეცნიერი.

როგორც კობალა ამბობს, კლიმატგონივრული ღონისძიებები საქართველოში დაწყებულია 80-90-იანი წლებიდან, ,,იფადის"  პროგრამის ფარგლებში, რამაც თავის დროზე შედეგი მოგვცა.

,,90-იან წლებში კეთდებოდა გარემოს დამცველი ღონისძიებების აღწერა, რომელიც შეხებოდა ჰიდროელექტროსადგურებს, სარწყავ  სისტემას და სხვა, რა გავლენას მოახდენდა გარემოზე და შესაბამისად რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო. ეს იყო იმ პერიოდში კლიმატგონივრული ღონისძიებების გეგმა. ამას ვახორციელებდით 2000-იან წლებშიც ,,იფადის" პროგრამით,მონტაჟდებოდა ჰელიო გამაცხელებლები განსაკუთრებით მთიან ზონებში, ვინაიდან სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ცხელი წყალი აუცილებელია. ამ მეთოდის დანერგვამ ბევრი კარგი რამ მოგვცა. კახეთის სოფლებში სამთაწყაროსა და ფიროსმანში,  წვეთოვანი მორწყვის დემონსტრირება გავაკეთეთ, საერთაშორისო პროექტები განხორციელდა და უკვე ცნობილი იყო, რა ღონისძიებები უნდა გაეტარებინათ. ამას მიეკუთვნება სათბურებიც, 100 კვ/მ-იანი სათბურები მოეწყო კახეთში, რაც 650 ლარი დაუჯდათ. შედეგად დაახლოებით 2 კვირა-1 თვით ადრე მიიღეს მოსავალი - საადრეო კარტოფილი და საშემოდგომო ნიორი. ჯამში 3-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს. ამდენად, კლიმატგონივრულმა ღონისძიებამ დიდი ეკონომიკური ეფექტი მოგვცა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს, რათა კლიმატური ცვლილების მავნე გავლენა, რაც შეიძლება, შემცირდეს", - ამბობს კობა კობალაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობაში კლიმატგონივრული მეთოდები დაინერგება. FAO-ს ინფორმაციით, ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის პრიორიტეტული მიმართულება აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილებაა.

„ერთ-ერთი მთავარი, რაც COVID-19 კრიზისმა გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში მედეგობის გამომუშავების აუცილებლობაა,” - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში FAO-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მონახულებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system