თავში

კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები ორ კვირაში გათანაბრდება

კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების
კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები ორ კვირაში გათანაბრდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებით, რომელიც მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ) შევიდა, ამ ეტაპზე, ახალი ტარიფები კარდიოქირურგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ამოქმედდება. ცვლილებები ძალაში ორ კვირაში შევა. უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტი კვლავ გადაიხდის თანაგადახდის განსაზღვრულ ოდენობას, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირდება და ერთნაირი იქნება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

„რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები“, – აცხადებენ სამინისტროში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

დაფინანსების ახალი სისტემა ეტაპობრივად სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system