თავში

კობა გვენეტაძე: საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა

კობა გვენეტაძე: საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა
კობა გვენეტაძე: საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ს ინტერვიუ მისცა.

საქართველოს პირველმა ბანკირმა პასუხები გასცა ისეთ შეკითხვებს როგორიცაა:  რა არის საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი გამოცდილება კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული "ლოქდაუნისა" და მისი ეკონომიკური ზეგავლენის მართვაში? შეეხო თუ არა "ლოქდაუნი" ხელისუფლების ფისკალურ პოზიციას, და რა ზეგავლენა იქონია ამან ეროვნულ ბანკზე?

კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველო ეკონომიკურ შოკს მომზადებული შეხვდა.

"ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილ პროგრამაში, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით ვიყავით ჩართულნი. ამასთანავე, გასული წლის ნოემბერში, 2020 წლის აპრილში დასრულების ნაცვლად, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეს პროგრამა კიდევ ერთი წლით, რადგან 2020 წელი არჩევნების წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა და კაპიტალის კარგი მაჩვენებლები. მომზადება ნიშნავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს შეეძლო სწრაფად მოეპოვებინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაში," - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მისივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა მხარდაჭერა, ქართული საბანკო სისტემა ძალიან მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერების თვალსაზრისით. 

"ამან მოგვცა იმის საშუალება, რომ კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნები შეგვემსუბუქებინა, ასევე მოგვეთხოვა მათთვის შეექმნათ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არა აქტივების ანალიზის, არამედ სტრეს-ტესტების მიხედვით, რათა განგვესაზღვრა საბანკო სისტემის შესაძლო დანაკარგი. სესხების შესაძლო დანაკარგების სასესხო პორტფელის 3%-ის ოდენობით დარეზერვების შემთხვევაშიც კი, საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზირებული რჩება და მას ლიკვიდობის პრობლემა არ ექმნება, რაც საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სისტემას გასცეს სესხები ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. აღნიშნული შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც. ჩვენ გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, სადაც განვიხილავდით თუ რა სჭირდებოდათ მათ. ძირითადი თემა იყო ლიკვიდობა, ლიკვიდობა და ლიკვიდობა. რა თქმა უნდა რამდენიმე ინდიკატორი გაუარესდება. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით უფრო მაღალი მიმდინარე წელს, წინა წლის ისტორიულად დაბალ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ვფიქრობ რომ შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას და ერთ ან ორ წელიწადში კრიზისამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით," - განუმარტა კობა გვენეტაძემ Central Banking-ს.

საქართველოს პირველმა ბანკირმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მუშაობის 4-წლიანი შედეგებიც შეაჯამა.

მისივე განმარტებით ინფლაციის თარგეთირება და ლარის მცურავი გაცვლითი კურსი საქართველოსთვის ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზირებამ და გაზრდილმა კომუნიკაციამ საზოგადოებაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისადმი ნდობა გაზარდა.

მონეტარული პოლიტიკა, გამჭვირვალობა, ფინანსური ინფრასტრუქტურა, საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, ფინანსური განათლება, მომხმარებელთა უფლებები და სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კობა გვენეტაძემ გამოცემის მთავარ რედაქტორთან, კრისტოფერ ჯეფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system